ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ტრაგედის გამო, „თუშეთობა“ აღარ გაიმართება
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ტრაგედის გამო, „თუში მეცხვარის დღე – თუშეთობა“ აღარ გაიმართება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ომალოში 3 აგვისტოს დაგეგმილი, ტრადიციული სახალხო დღესასწაული გაუქმდა.
„3 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თუშეთის სოფელ ომალოში დაგეგმილი იყო ტრადიციული ღონისძიების ჩატარება, მაგრამ გუშინ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო, ღონისძიება აღარ ჩატარდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – აცხადებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ტრადიციული სახალხო დღესასწაულს თუშეთობას ყოველწლიურად სოფელ ომალოში აღნიშნავენ. სადაც სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები იმართება.
შეგახსენებთ, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გუშინ, 27 ივლისს, „კამაზის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც 12 ადამიანი მგზავრობდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა 7 ადამიანი, 3 კი დაშავდა. ერთ მოქალაქეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.