ახალი ამბებისტატიები

თუშეთის ტერიტორიული მოწყობის გეგმა – მთაში მოსახლეობის დაბრუნების პერსპექტივა

ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა, მოიცავს თუშეთის სოფლების განვითარების და განაშენიანების გეგმას.

დოკუმენტის მიხედვით, 10 სოფელში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს.
პროექტის ავტორი, არქიტექტორი გია აბულაძე განმარტავს, რომ სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმაში გაწერილია სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, საზღვრების დაცვის, კულტურის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით თუშეთის სოფლების განვითარების ხედვა.

გია აბულაძე ფიქრობს, რომ გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება მოსახლეობის მთაში დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

,,სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტი მოიცავს 10 სოფლის განვითარების ხედვას. ესენია: დიკლო, შენაქო, დართლო, გირევი, ფარსმა, ომალო, დოჭუ, ინდურთა, ბოჭორნა. ჩვენ ასევე შევადგინეთ 10 მიტოვებული სოფლის რეაბილიტაციის გეგმა. ესენია ის სოფლები, სადაც უკვე აღარავინ ცხოვრობს. ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები იმისთვის, რომ არ გაქრეს ეს სოფლები.

შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს წესებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლები, როგორ უნდა მოეწყოს ელექტროენერგიის სისტემა, გაკეთდეს გზა და სხვა’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” გია აბულაძემ.

პროექტის ავტორი ასევე სეზონურად თუშეთში გადაადგილების პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისივე თქმით, გეგმით გათვალიწინებულია თუშეთთან დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. აბულაძე აცხადებს, რომ განიხილება ახლანდელი გზის რეკონსტრუქციის, მთებში გზების გაყვანის და სარკინიგზო ხაზის მოწყობის შესაძლებლობაც.

,,ცუდია, რომ რამდენიმე თვე თუშეთი გარესამყაროს მოწყვეტილია. თუშეთი ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი ადგილია, გარდა ამისა სასაზღვროა და წარმოუდგენელია ამდენი თვის განმავლობაში საზღვარი დაუცველი იყოს. რაც შეეხება რკინიგზის მშენებლობას, ეს ჯერ კიდევ სამსჯელო საგანია და მას ბევრი დადებითი ფაქტორები აქვს.

ძირითადი აქცენტი მაინც გადატანილი გვაქვს არსებული გზის რეკონსტრუქციაზე. ეს გზა გარკვეული სტანდარტების დონეზე უნდა მოწესრიგდეს. მთაში გზების გაყვანა ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ამას თავისი სარგებელიც აქვს. რაც შეეხება სარკინიგზო ხაზის გაკეთებას და ე.წ. ,,კუკუშკას“ ამოქმედებას, ეს მიმართულებაც განიხილება.

იგი ერთ-ერთი განვითარებული ტრანსპორტია მთიან ქვეყნებში. მისი პოზიტიური მხარე არის ის, რომ ზამთარში და ზაფხულში არ არის გადაადგილების პრობლემა. გარდა ამისა, არის ბევრი საკითხი, რომელიც ჩაწერილია აღნიშნულ გეგმაში და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით პროექტის განხორციელებას. ვფიქრობთ, ამის შემდეგ თუშეთი როგორც ტურისტული ზონა განვითარდება და გაძლიერდება.’’

თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მსგავსი განვითარების და სივრცითი მოწყობის გეგმა თუშეთს არ ჰქონია. ლადო კახოიძე მიიჩნეგანმარტავს, რომ აუცილებელია პროექტების განხორციელებისას მოხდეს იმ ავთენტურობის შენარჩუნება, რითიც თუშეთი გამორჩეულია.

,,ეს არის გეგმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს მუნიციპალიტეტმა ამ დასახლებების შემდგომი განვითარებისათვის. თუშეთი დიდი ტურისტული პოტენციალის მქონეა და ამ გეგმის საშუალებით უნდა განვავითაროთ ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა. რაც მთავარია, არ უნდა დავკარგით ის ავთენტურობა, რომელიც ამ ულამაზეს კუთხეს ახასიათებს. შენარჩუნებული უნდა იყოს ლანდშაფტი, ტრადიციები და ა.შ.’’, – განუცხადა “კახეთის ხმას” ლადო კახოიძემ.

ლადო კახოიძე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად და გამოწვევად თუშეთთან სატრანსპორტო კავშირის მოუწესრიგებლობას ასახელებს. მისი თქმით, წლის განმავლობაში 7 თვეზე მეტი გზა უამინდობის და დიდთოვლობის გამო დაკეტილია, რაც თუშეთში ტურიზმის განვითარებას აფერხებს.

კახოიძე აცხადებს, რომ აღნიშნული გეგმით გათალისწინებულია გადაადგილების პრობლემის მოგვარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

,,თუშეთის განვითარებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა წლის განმავლობაში შეუფერხებელი, ეკონომიურად ეფექტური, გარემოს დაცვის მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფილი სატრანსპორტო კავშირი, რათა განვითარდეს ისეთი დარგები, როგორებიც არის სოფლის მეურნეობა, ტრადიციული მეცხვარეობა და მესაქონლეობა.

ბუნებრივი ფაქტორები, რელიეფი და კლიმატი ქმნის გზის მშენებლობისა და ექსპლოატაციისთვის ბევრ სიძნელეს. იმდენად რთულია რელიეფი, რომ არათუ ზამთარში, არამედ ზაფხულშიც კი ხშირად ფერხდება გადაადგილება. ოქტომბრის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე გზა ფაქტობრივად დაკეტილია დიდთოვლობის და უამინდობის გამო. თოვლის გაწმენდა კი ვერ ხერხდება. რაც შეეხება რკინიგზას, ევროპის მოწინავე მაღალმთიან და რთული რელიეფის მქონე ქვეყნებში ერთ-ერთი მეტად ეფექტური საშუალებაა ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ქსელის შექმნა.

ასეთი საქართველოში მხოლოდ ბორჯომის და ბაკურიანის მონაკვეთზეა, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ განიხილოს ამ სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესაძლებლობა, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

ტურიზმის კუთხით გეგმა მოიცავს ზამთრის ტურიზმის განვითარებას, ეს იქნება სათხილამურო თუ სხვა მიმართულება. ასევე იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ძეგლების აღდგენა, რეაბილიტაცია, საზღვრის დაცვის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის მთაში დაბრუნებას.’’ 

თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, შპს „სტუდიო 21“-მა შეადგინა. სპეციალისტთა ჯგუფი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.