სალომე ზურაბიშვილი გურჯაანში კურორტ ახტალას ესტუმრა
ქვეყანაში სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს პრეზიდენტი გურჯაანში მდებარე ახტალის კურორტს ესტუმრა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მდიდარია ასეთი კურორტებით და მხოლოდ გურჯაანის რაიონში 44 სხვადასხვა სამკურნალო წყალია, რაც ადასტურებს საქართველოსათვის თერმულ წყლებთან დაკავშირებული საკურორტო ზონების განვითარების მნიშვნელობას, იმისათვის, რომ მათგან ეკონომიკური სარგებელიმივიღოთ.
,,გამაჯანსაღებელი კურორტების თვალსაზრისით საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა, სადაც შეიძლება ჩამოხვიდე არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ გასაჯანსაღებლად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უკვე ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაშია გაერთიანებული და არსებობს შესაბამისი ტურისტული გზებიც.
,,ეს ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული რესურსია, რომელიც უნდა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ავითვისოთ. ამაზე უნდა ვზრუნავდეთ ყველა ჩვენ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ახტალას კურორტი საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. საკურორტო სეზონი მაისში გაიხსნა და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება.