კახეთში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო ,,ამბასადორში“ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობა ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, ბიზნესის, მედიების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებმა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო სამოქალაქო საზოგადოების სპეციალური გამოფენა – CSO EXPO, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 32 -მა ადგილობრივმა სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციამ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 10 მდე მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანია, რომლებიც იზიარებენ სოციალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონს მოსახლეობის ინფორმირება და სსო–ების მიმართ ნდობის ამაღლება.
ასევე მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეობის სერვისის მიმღებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა. დროის ბანკის პოპულარიზაცია.
ფორუმის ორგანიზატორის, ,,მედია ცენტრი კახეთის“ დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა პირმა მიიღო.
მისივე თქმით, ფორუმზე დამსწრე რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თავიანთი საქმიანობის/სერვისების შესახებ დონორ ორგანიზაციებს, რეგიონის მოსახლეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის, საგანმანათლებლო სივრცის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს.
,,ეს ფორუმი გახლავთ ნაწილი იმ სხვადასხვა ტიპის აქტივობებისა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 9 რეგიონში მიმდინარეობს.
ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის და თვითმმართველობების წარმომადგენლები.
შეხვედრის მთავარი მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო სექტორი რომელიც კახეთში აქტიურია, გვინდა რომ მეტად გააქტიურდეს, თვალსაჩინო გახდეს ყველა მოქალაქისთვის მათ მიერ შექმნილი პროდუქტები, ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელიც აქვს სამოქალაქო სექტორს’’,- განაცხადა მაია მამულაშვილმა.
ფორუმი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ჩატარდა.
განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ნამიჭეიშვილი განმარტავს, რომ ფორუმის ჩატარება ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს პოპულარიზაციაში.
,,ფორუმს ორი განსაკუთრებული მიზანი აქვს, ერთის მხრივ ის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას და საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის გაცნობას. მეორეს მხრივ კი მისი მიზანი არის მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობა და განვითარება.
წარმოდგენილი ორგანიზაციები შესაძლებლობას მისცემენ მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ მათ საქმიანობაში, მიიღონ ახალი ცოდნა და გამოცდილება. ეს ორგანიზაციებისთვისაც კარგი შესაძლებლობა იქნება.‘’
თვითმმართველობების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიების კახეთში ჩატარება ხელს უწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური მუშაობა და ჩართულობა ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,მნიშვნელოავნია, რომ გურჯაანში გაიმართა აღნიშნული ფორუმი. სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა რათქმაუნდა ნიშნავს ქვეყნის ბევრად უფრო სწრაფ განვითარებას და დაახლოებას ევროპულ საზოგადოებასთან. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ყველა მნიშვნელოვან საკითხში, ეს იქნება ქვეყნის მართვა თუ სხვა პრობლემატური საკითხების მოგვარება მნიშვნელოვანია’’,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
რეგიონულ ფორუმში მონაწილეობა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა მიიღეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, მსგავსი მასშტაბის ფორუმი, რომელიც თვითმმართველობების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობას ისახავდა მიზნად, კახეთის რეგიონში პირველად ჩატარდა.
,,კახეთში პირველად ჩატარდა მსგავსი სახის ფორუმი. მნიშვნელოვანია, რომ ერთად შეიკრიბნენ სამოქალაქო ორგანიზაციები, მოქალაქეები და ადგილობრივი თვითმართველობები. ჩვენ დავინახეთ სრული სურათი არსებული სიტუაციის.
რათქმაუნდა გვქონდა გარკვეული ინფორმაციები ამ მიმართულებით, თუმცა ერთ სივრცეში ყველა ორგანიზაციის საქმიანობების გაცნობა მნიშვნელოვანია. მე დავრწმუნდი, რომ სამოქალაქო განვითარების მიმართულებით გვაქვს წინ გადადგმიული ნაბიჯები.
გარდა იმისა, რომ ერთგვარი შეჯამება ხდება რა გაკეთდა რეგიონში, ასევე ახალ კონტაქტებსაც ეყრება საფუძველი. მაგალითად: ერთ-ერთ არასამთავრიბო ორგანიზაციასთან ერთად დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
მეწარმეების და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, ფორუმმა ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადგილობრივი ბიზნესის თუ მცირე მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზაციას.
,,ფორუმი დაგვეხმარება, რომ ურთიერთობები გავაფართოვოთ, პოტენციურ მომხმარებლებს, ან სხვა ბიზნესის წარმომადგენლებს დავუკავშირდეთ და გავძლიერდეთ. ეს კიდევ უფრო მეტად აფართოვებს ჩვენს პერსპექტივებს, რომ დავრჩეთ ბაზარზე.
ფორუმზე წარმოვადგინეთ ხელნაკეთი საპნები, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, ასევე პირველად წარმოვადგინეთ სახის სკრაბი და თექის ხელნაკეთი ნამუშევრები.’’
ფორუმის დასკვნით ნაწილში გაიმართა მოხალისეობის ხელშემწყობი აქტივობები და დონორებთან კომუნიკაცია Wolrd Cafe-ს ფორმატში.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი