ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა
საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ მაისში 424 514 შეადგინა, რაც 64 770-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ვიზიტების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა.
,,მაისის თვეში საქართველოს 723 160 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებლი 14.2%-ით გაიზარდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურები ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან და სხვა.
2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში 2 988 478 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.4%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,655,163 შეადგინა, რაც 121 378-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე.
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 856 მილიონ დოლარს, რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე”, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.