თუშეთის გზის გახსნის მოთხოვნით ქვემო ალვანში აქცია მიმდინარეობს
თუშეთის გზის გახსნის მოთხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აქცია მიმდინარეობს.
ადგილობრივები სოფლის ცენტრში არიან შეკრებილები და თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნურად დაგუბებული ტბის დროულად გაწმედას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობისგან, საგზაო დეპარტამენტისგან და გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული ვადის დასახელებას ითხოვენ, რა დროში მოხერხდება გზის გახსნა.
აქციის მონაწილეებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი და კახეთის გუბერნატორის მოადგილე, გივი მეტრეველი ხვდება.
ადგილობრივების თქმით, გზის დაგვიანებით გახსნა როგორც ტურიზმის, ასევე მეცხოველეობის კუთხით პრობლემებს შეუქმნით.
მათი თქმით, გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანია სათანადოდ არ ასრულებს სამუშაოებს.
,,როდის გაიხსნება გზა ზუსტი თარიღი გვაინტერესებს. მოვიდეს კომპანიის წარმომადგენელი და დაგველაპარაკოს რომ გავიგოთ რა კეთდება და როდის დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები.
სათანადოდ არ მუშაობენ და ამიტომ ვერ ხდება დროულად სამუშაოების დასრულება”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი აცხადებს, რომ ხვალ საგზაო დეპარტამენტთან ერთად პრობლემურ მონაკვეთებს გეოლოგების ჯგუფიც შეაფასებს.