უწყებათაშორისმა კომისიამ თუშეთის გზაზე არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისა და არსებული პრობლემების გადასაჭრელად უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომისიამ, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 56-ე კმ-ზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელა.
,,კომისიის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში ვერტმფრენით გაემგზავრებიან და ვითარებას ადგილზე შესწავლიან, რის შემდეგაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება. 56-ე კილომეტრის გარდა, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. გარდა ამისა, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად.
პროექტის წარმოდგენისთანავე განხორციელდება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოები. ამ დროისთვის სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უწყებათაშორის კომისიაში შედიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლები.