„ვაზისუბნის მამულის“ განვითარებისთვის 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება
ვაზისუბნის მამულის“ განვითარებისთვის „ქართული ღვინის ჰოლდინგი“ 15 მლნ ლარის ინვესტიციას განხორციელებს.
მეურნეობა აერთიანებს მე-19 საუკუნის აღდგენილ სასახლეს, მარანს და კახეთის საუკეთესო მიკროზონებში გაშენებულ ვენახებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ელენე ოთარაშვილი განმარტავს, რომ „ვაზისუბნის მამული“ მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება და ის იქნება რეგიონის ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ღირშესანიშნაობა და ღვინის საწარმო.
„ვაზისუბნის მამულის“ პროექტზე მუშაობა დაიწყო 2013 წელს იმ იდეით, რომ აღდგეს თავადი სულხან ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილი შატო, აღორძინდეს მივიწყებული ენდემური ყურძნის ჯიშები და ახალ სიმაღლეზე იქნას აყვანილი საუკუნეების მანძილზე დღემდე მოტანილი მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა.
კომპანია ფლობს ვენახს, რომელიც გაშენებულია კახეთში, მუკუზანისა და ვაზისუბნის საუკეთესო მიკროზონებში. ღვინოს სწორედ ამ ვენახებიდან მოწეული რჩეული მოსავლით ვამზადებთ. „ვაზისუბნის მამული“ ორ ბრენდს აწარმოებს: „ვაზისუბნის მამულის“ ქვევრის ღვინოები და,,ქართული მზე“, რომელიც ბრენდის შემქმნელებისათვის ქართული ღვინისახალ მიმართულებას წარმოადგენს. მისი შემქნელების მიზანია მსოფლიოს გააცნონ ქართული მზის ქვეშ დაბადებული კეთილშობილი სითხის ახალი უნიკალური პოტენციალი.
„ვაზისუბნის მამულის“ სასახლე წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და XIX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს. ამჟამად მიმდინარეობს სასახლის რესტავრაცია, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება და გაიხსნება ბუტიკის ტიპის სასტუმრო. ისტორიული შენობის რეკონსტრუქციას ახორციელებენ კომპანიები Arcitects.ge და NCC.
აქ მთლიანად შეინარჩუნეს სასახლის ფასადის პირვანდელი სახე. ბუტიკ სასტუმროს ინტერიერის დიზაინზე ბრიტანელმა სპეციალისტებმა იმუშავეს, ხოლო რესტორნის ინტერიერის დიზაინის ავტორია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი დიზაინერი ნესტან ვარდიაშვილი“, – ამბობს ელენე ოთარაშვილი.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებაში კომპანიამ 15 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო და მასში 70 ადამინზე მეტი დასაქმდება.