ახალი ამბებიგზა ევროპისკენ

საქართველოს 10 წლიანი გზა ევროპისკენ

საქართველოს გზა ევროპისკენ ესტონეთის დედაქალაქ ტალინის გავლით ახლა უკვე ყველაზე უსაფრთხო და მოკლეა,  – ამ მარშრუტს  ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორების  5 ქვეყანასთან ერთად 10 წელია მიჰყვება.

აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) 2009 წელს დაწყებული ერთობლივი პოლიტიკური ინიციატივაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს და მისი აღმოსავლეთ სამეზობლოს შემდეგ ექვს ქვეყანას შორის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ამ სისტემის ფარგლებში, პარტნიორები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათ რეალური სარგებელი უნდა მოუტანონ მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ევროკავშირის და მისი პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობა სამ კომპლექსურ სფეროს მოიცავს: სამოქალაქო საზოგადოებაში ჩართულობა: ქალთა გაძლიერება და გენდერული ბალანსი, და სტრატეგიული კომუნიკაციები. მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა წინსვლა სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების სფეროში, დაუყოვნებელ ყურადღებას საჭიროებს სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის ხელშემწყობი გარემოს შექმნა.

როგორია  აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგები საქართველოსთვის?

10 წლიანი გზა რთული და წინააღმდეგობრივი იყო საქართველოსთვის, რომელიც რეგიონში დემოკრატიული პროცესების ლიდერი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე ძლიერი მოთამაშე იყო.

თინა ილსენი, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის პროგრამების დირექტორი აღნიშნავს, რომ საქართველო ამ გზის გამორჩეული ლიდერია.

თუმცა  ევროპელი პარტნიორები არ მალავენ, რომ ბოლო დროს, საქართველოს მიმართ მოლოდინები და პოზიციები შესუსტდა.  გამოწვევები დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით ხელშესახებია.

სწორედ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლიანი შედეგების შესახებ  ტალინის ყოველწლიურ ფორუმზე, რომელსაც ორგანიზებას უწევს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ესტონური ცენტრი, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების საჯარო უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის მასპინძლობით ამ მაღალი დონის კონფერენციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების გერმანიის, პოლონეთის, ესტონეთის,  საგარეო საქმეთა მინისტრები და დიპლომატიური უწყების პირველი პირები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე ესტონურმა ცენტრმა ქართველ ჟურნალისტებს უმასპინძლა, რომელთა შორის „კახეთის ხმის“ რედაქტორიც იყო. ეს მართლაც  შესანიშნავი შესაძლებლობა იყო პირველი პირებისგან მოგვესმინა პარტნიორთა  შეფასებები.

ევროკავშირის პარლამენტის წევრის, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას პაეტიგანცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოს პარტნიორობის ათწლიანი ფაზა უკვე მკაფიოდ აჩვენებს EaP პოლიტიკურ ფასეულობებს.

 „ყველას გვესმის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანა განსხვავდება ერთმანეთისაგან. ნათელია, რომ დღეს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა პოლიტიკური ღირებულებებისა და  ფასეულობების სისტემის მიხედვით უფრო ახლოს დგანან ევროკავშირთან, თუმცა ფაქტია, რომ ეს ზოგადი შეფასებაა და  არ ღირს კმაყოფილი ვიყოთ იმ შედეგებით, რაც ხდება  ამ პერიოდის განმავლობაში.  ევროკავშირის პერსპექტივის გათვალისწინებით, ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა გავიგოთ,რომ განვითარებისთვის დროა საჭირო. შიდა პოლიტიკური სიტუაცია და რუსეთის მოქმედებები ამ ქვეყნებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ. ეს მგრძნობიარე და რთული სიტუაციაა, ეს გაყინული და სხვა კონფლიქტები ყველა ქვეყანაში ბელორუსის გარდა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების საკითხები კავკასიაში.”

კონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ აღმოსავლეთის ლიდერთა შორის  სომხეთის გააქტიურება და დემოკრატიული გარდაქმნები ევროპულ პლატფორმებზე სომხეთის პოზიციებს მნიშვნელოვნად ამყარებს. ეს გზავნილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა თავის გამოსვლაში  გააჟღერა. ისაუბრა რა სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის გეგმებზე ევროკავშირთან მიმართებაში.

გამოიკვეთა, რომ საქართველო ამ გზაზე სტაბილურად მიიწევს წინ, თუმცა ბოლო დროს არსებული გამოწევები, პოლიტიკური ველის მკვეთრი პოლარიზაცია, მედიის დამოუკიდებლობის სირთულეები,  რუსეთის საფრხეები საქართველოს პოზიციებს ევროკავშირთან დაახლოების სხვა, ახალ  საფეხურზე გადასასვლელად შემაფერხებელია.  ორგანიზაციის „გენდერ მედია კავკასია“დამფუძნებელი გალინა პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მედია რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, თუმცა რუსული პროპაგანდა და პოლარიზაცია მკაფიო გამოწვევებია.

„ ბოლო წლებია ქართული მედია სივრცის ნაწილი, მათ შორის, სოციალური ქსელები მძლავი პროპაგანდისტული მანქანის იარაღად იქცა. საჭიროა მკვეთრი რეაგირება. მედიის გაძლიერება, “ – აღნიშნა მან.

 რა იქნება 10 წლის შემდეგ

კითხვა, რა იქნება 10 წლის შემდეგ, – მკაფიოდ დაისვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” კონფერენციაზე, სადაც საქართველოს ხმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაახმოვანა, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან ჯანელიძემ ქვეყნის პროგრესის გასაძლიერებლად დაფინანსების გაზრდა ითხოვა.

ევროკავშირი საქართველოსთვის ერთერთი დიდი დონორია, გერმანიასა და აშშის შემდეგ.  განვითარებაში გვეხმარება  ჩვენი მეგობარი ესტონეთიც, მაგრამ საქართველოში რამდენიმე სფეროა, სადაც  ფინანსური დახმარება სასიცოცხლოდ გვჭირდება.  განსაკუთრებით ხელშესახები ეს არის ახალ ნორმებთან ადაპტაცია, რომელსაც ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, მაგალითად, ისეთ სექტორში, როგორიცაა კლიმატის დაცვა და ენერგია. ჩვენ ასევე გვჭირდება დახმარება, რომ ავაშენოთ წარმატებული საშუალო და მცირე წარმოებები, წავახალისოთ ექსპორტის პოტენციალიაღნიშნა  მიხეილ ჯანელიძემ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან ევროკავშირის კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ევროპარლამენტს გააცნო ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი, 12,5 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ მეზობლებს შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. დაგეგმილია ასევე პარტნიორი ქვეყნების სატრანსპორტო განვითარება, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა და ახალი მაგისტრალების აშენება.

აუდრონე პერკაუსკიენემ, ევროკავშირის საგარეო ღონისძიებათა სამსახურის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეგიონალური თანამშრომლობისა და ეუთოს განყოფილების უფროსმა, განაცხადა, რომ თანამშრომლობის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესში განიხილება ევროკომისიიის მიერ გასული წლის ბოლოს წარმოდგენილი ფინანსური დახმარების პაკეტის დამატებით 24 პროცენტით გაზრდა 2020-2030 წლებისთვის.

ამ დახმარების ფარგლებში საქართველო 3.5 მილიარდ ევროს, ხოლო უკრაინა – 4,5 მილიარდს მიიღებს. 2016-2017 წლებში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ევროკავშირის 2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებით 2000-მდე კომპანიამ ისარგებლა. 2020 წლისთვის გამოყოფენ 100 მილიონ ევროს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებმა სესხები ადგილობრივ ვალუტაში მიიღონ.

ევროკავშირთან მომავალი 10 წლიანი განვითარების სამოქმედო სტრატეგია ითვალისწინებს  პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციურ განვითარებას თუ ეკონომიკურ წახალისებას, კერძო სექტორის გრძელვადიან, შეღავათიან დაკრედიტებას.