სისტემური კორუფციის ნიშნების მქონე შემთხვევები – როგორ უნდა პასუხობდეს სახელმწიფო და პროკურატურა
წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: სახელმწიფო აცხადებს გზების რეაბილიტაციის 29-მილიონიან ტენდერს; ტენდერში მონაწილეობას ვერ მიიღებ თუ ობიექტიდან 30 კილომეტრში ასფალტის ქარხანას არ ფლობ ან მიწოდების შეთანხმება არ გაქვს ასეთ ქარხანასთან; შედეგად – ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობს და იგებს; ამ კომპანიის მესაკუთრე მოქმედი პარლამენტარია; ხელშეკრულების დადების წინა დღეებში კომპანიასთან დაკავშირებული პირები „ქართულ ოცნებას“ 120,000 ლარს წირავენ, – ასეთი შესავალით გამოაქვეყნა საერთაშორისო გამჭირვალეობა საქართველომ.
„ეს არ არის ჩვენი მოგონილი სცენარი, ეს მიმდინარე წლის მარტში, ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” ჩატარებული ერთ-ერთი მსხვილი ტენდერის აღწერაა, სადაც შპს „გზამ“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჭყონიაა, 29.2 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო სამუშაოების ხელშეკრულება მიიღო. ამ კომპანიას ჯამში 1.3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული (ტენდერების მოგების არარეალურად მაღალი – 93%-იანი მაჩვენებლით). მმართველი პარტიისთვის კი კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს 1 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული.
ისტორია აქ არ მთავრდება. აღმოჩნდა, რომ 2024-2026 წლებში ბათუმში გზების რეაბილიტაციის ტენდერებში „30 კმ რადიუსის წესით“ სხვა ტენდერებშიც შეიზღუდა კონკურენცია. სულ 5 ასეთი ტენდერი აღმოვაჩინეთ, რომელთა ჯამური ღირებულებაც 70 მილიონი ლარზე მეტია. ამ ტენდერებში სულ 3 კომპანია მონაწილეობდა და მონაცვლეობით იმარჯვებდა. სამი კომპანიიდან ორი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, მათ ჯამში 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეწირეს „ქართულ ოცნებას“.
ეს ფაქტები ხელოვნური ოლიგოპოლიის კლასიკური მაგალითებია. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მრავალმილიონიან საგზაო ტენდერებს სამიოდე კომპანიისგან შემდგარი დახურული კლუბი ინაწილებს. ხელოვნური ბარიერების მეშვეობით კონკურენცია აღარ არსებობს, კლუბის წევრები კი მმართველ პარტიას სოლიდურ შემოწირულებებს ურიცხავენ.
სისტემური ფილტრი: როგორ ქმნის „30 კმ რადიუსის წესი“ ოლიგოპოლიას
2026 წლის იანვარში ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ ბათუმის სამი ქუჩის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა. შპს „გზა“ ერთადერთი პრეტენდენტი იყო.
რატომ არ მონაწილეობდნენ სხვა გამოცდილი გზისმშენებელი კომპანიები? მიზეზი სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული უჩვეულო მოთხოვნაა: პრეტენდენტს ობიექტიდან 30 კილომეტრის რადიუსში არსებული ქარხანა უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ან ასფალტბეტონის მოწოდების შესახებ ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს გაფორმებული ასეთ ქარხანასთან. ეს პირობა თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს ნებისმიერ მსხვილ კომპანიას, რომელსაც ქარხანა ბათუმის სიახლოვეს არ აქვს, ან ხელშეკრულება არ აქვს ასეთ ქარხანასთან, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას ასფალტის სხვაგვარად მოწოდება.
კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი გეოგრაფიული შეზღუდვის დაწესება არ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა – ის კონკურენციის ხელოვნურად შესაზღუდად შექმნილი ფილტრია. 2024-2026 წლებში გამოცხადებული 117 მსხვილი სამშენებლო ტენდერიდან (თითოეული 1 მილიონზე მეტი ღირებულების) მხოლოდ ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” 5 ტენდერში განისაზღვრა წინაპირობად გეოგრაფიული სიახლოვე. ამ ტენდერების ჯამური ღირებულება 70 მილიონ ლარს აჭარბებს.
რა შედეგი მოიტანა კონკურენციის ასეთმა მიზანმიმართულმა შეზღუდვამ? მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ, ამ ტენდერებში მხოლოდ 3 კომპანია იღებდა მონაწილეობას და ბიუჯეტის მილიონებს როტაციით ინაწილებდნენ (იხ. ცხრილი). სამი კომპანიიდან ორი – შპს „გზა“ და „ბონდი 2009“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია.
|
2024-2026 წლებში ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ გამოცხადებული „30 კმ რადიუსის“ წინაპირობის მქონე ტენდერები და მათში მონაწილე კომპანიები |
||
|
ხელშეკრულების თარიღი |
გამარჯვებული (ხელშეკრულების ღირებულება) |
ყველა მონაწილე კომპანია |
| 04.02.2025 | შპს „ბონდი-2009“ (12.5 მლნ ₾) | შპს „ბონდი-2009“, შპს „პალადა“ |
| 24.02.2025 | შპს „გზა“ (9.4 მლნ ₾) | შპს „გზა“, შპს „პალადა“, შპს „ბონდი-2009“ |
| 26.02.2025 | შპს „პალადა“ (14 მლნ ₾) | შპს „პალადა“, შპს „გზა“, შპს „ბონდი-2009“ |
| 28.01.2026 | შპს „ბონდი-2009“ (5.7 მლნ ₾) | შპს „ბონდი-2009“, შპს „გზა“, შპს „პალადა“ |
| 13.03.2026 | შპს „გზა“ (29.2 მლნ ₾) | შპს „გზა“ |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ხუთივე ტენდერში მონაწილეთა სია იდენტურია. არანაირი გარე კონკურენცია. როდესაც ბაზარი ასე ხელოვნურად იკეტება, სახელმწიფო შესყიდვა აზრს კარგავს და გადაიქცევა წინასწარ შეთანხმებულ გადანაწილებად.
„ბონდი-2009“ – დახურული ტენდერების კლუბის კიდევ ერთი ბენეფიციარი
როგორც აღვნიშნეთ, „30 კმ რადიუსის წესით“ შექმნილი ოლიგოპოლიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, გარდა შპს „გზისა“, არის შპს „ბონდი-2009“, რომელმაც 5-დან 2 ტენდერი მოიგო. ეს კომპანია მმართველი პარტიის კიდევ ერთი მსხვილი დამფინანსებელია. მისი ოთხი თანამფლობელიდან სამს (ნუკრი დოლიძეს, ოთარ ფუტკარაძესა და დავით დევაძეს) „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 605 000 ლარი აქვთ შეწირული. მეორე მხრივ კი კომპანიას ჯამში 292 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.
ეს სრულად ააშკარავებს, თუ როგორ მუშაობს სისტემა: 30-კილომეტრიანი გეოგრაფიული ბარიერი წინასწარვე ფილტრავს ბაზარს. შედეგად, კონკურენცია იმიტირებულია, მილიონებისთვის ბრძოლაში მხოლოდ სამი შერჩეული მოთამაშე რჩება, საიდანაც ორი („გზა“ და „ბონდი-2009“) პირდაპირ უკავშირდება მმართველ ძალას.
კულმინაცია: 29 მილიონი და დროში იდეალურად დამთხვეული შემოწირულებები
ამ დახურული კორუფციული ეკოსისტემის მუშაობის ყველაზე თვალსაჩინო და საგანგაშო მაგალითი სწორედ ის 29-მილიონიანი ტენდერია (შპს „გზა“), რომლითაც ჩვენი ამბავი დავიწყეთ. მას განსაკუთრებულს ხდის არა მხოლოდ ღირებულება, არამედ მოვლენათა ქრონოლოგია.
დეპუტატი გიორგი ჭყონია, ჩვეულებრივ, წელიწადში ერთხელ, ძირითადად წლის მეორე ნახევარში წირავდა თანხას პარტიას. თუმცა, 2026 წელს მისი 60 000-ლარიანი შემოწირულება მარტში დაფიქსირდა – ზუსტად ერთი დღით ადრე, სანამ მრავალმილიონიან სატენდერო ხელშეკრულებას მოაწერდნენ ხელს.
ზოგადად, ხელშეკრულების გაფორმებამდე 7 დღის განმავლობაში შპს „გზასთან“ დაკავშირებული პირების აქტივობა ასე გამოიყურება:
- 6 მარტი: მალხაზ დუმბაძე (შპს „გზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) პარტიას წირავს 30 000 ლარს.
- 10 მარტი: ჯიმშერ ზოიძე (გიორგი ჭყონიას წილის მმართველი შპს „გზაში“) წირავს 15 000 ლარს.
- 11 მარტი: ჯემალ ჭყონია (გიორგი ჭყონიას ბიზნეს-პარტნიორი) წირავს 15 000 ლარს.
- 12 მარტი: გიორგი ჭყონია (კომპანიის მფლობელი, დეპუტატი) წირავს 60 000 ლარს.
- 13 მარტი: შპს „გზა“ აფორმებს 29,163,899 ლარიან ხელშეკრულებას.
ეს ფაქტები თავისთავად დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულება არ არის, თუმცა დროში დამთხვევა, ხელოვნურად შეზღუდული კონკურენცია და ტენდერში ერთადერთი მონაწილის არსებობა ინტერესთა კონფლიქტისა და სავარაუდო კორუფციული გარიგების აშკარა ნიშნებს შეიცავს.
დასკვნა
ცალკე აღებული ერთი შემთხვევა – უკონკურენტო ტენდერი, ასფალტის ქარხნის მოთხოვნა ან თუნდაც შემოწირულება – შესაძლოა შემთხვევითობითაც აიხსნას, მაგრამ როდესაც ვხედავთ 1.3 მილიარდის ღირებულების მოგებულ ტენდერებს, ტენდერში მონაწილებისთვის დამატებულ ხელოვნურ ბარიერებს, რომელიც შერჩევითად ქმნის ოლიგოპოლიას მმართველი პარტიის მსხვილი დონორებისთვის და მრავალმილიონიან ხელშეკრულებამდე ერთი დღით ადრე პარტიის ანგარიშზე ჩარიცხულ ათიათასობით ლარს, ეს უკვე კარგად ორგანიზებულ, სისტემური კორუფციის ნიშნებს ატარებს, რომელიც კონკურენციას კლავს და სახელმწიფო ბიუჯეტს ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესებისთვის იყენებს, საბოლოო ფასს კი საზოგადოება იხდის.
სწორედ მსგავსი სისტემური კორუფციის ნიშნების მქონე შემთხვევებს უნდა პასუხობდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიებით, რათა დეკლარირებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რეალობად იქცეს და არა ფასადად, რომლის მიზანიც შერჩევითი მართლმსაჯულების და კულუარული დაპირისპირებების დაფარვაა, – აღნიშნულია კვლევის ანალიზში.

