კურორტ „ახტალას“ მშენებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი ზაფხულში გამოცხადდება
სამკურნალო-ბალნეოლოგიური კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„ახტალას“ დირექტორი გიორგი უტიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიაზე ძველი შენობების ნაწილის დანგრევა მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ისრაელის კომპანია არქიტექტურულ პროექტს სავარაუდოდ ზაფხულისთვის მოამზადებს, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3 760 000 ლარად გაიყიდა. კურორტის ამჟამინდელი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“. აღნიშნული კომპანია საქართველოში გასული წლის მარტში დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ი, ხოლო დირექტორი ირაკლი ხუჭუაა, რომელიც რეესტრის მიხედვით საქართველო-რუსეთის მოქალაქეა.
რაც შეეხება იმას, თუ როდის მიიღებს განახლებული „ახტალა“ სტუმრებს, ამაზე უტიაშვილი აცხადებს, რომ კურორტის რეკონსტრუქციას დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ საპრივატიზებო პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მოწყობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს, ასევე, სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. ამავე დროს, მყიდველმა სასტუმრო -კომპლექსში სულ მცირე 50 ადამიანი უნდა დაასაქმოს და კურორტზე დასაქმებულთა 80%–თან, მათივე თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა შეინარჩუნოს.
როგორც ცნობილია, ს/ს ახტალა საპრივატიზაციო ნუსხაში 2015 წლიდან იყო. კურორტის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2012 წლის აპრილში, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო, ახლა შეჩერებულია. კურორტზე, სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიას სრული განახლება სჭირდება, რაც შეეხება სანატორიუმს, ის დამსვენებელს დღემდე ძველი, საბჭოთა პერიოდში არსებული ინფრასტრუქტურით ხვდება.
კურორტზე დასვენება 1 ადამიანზე, დღეში, საშუალოდ, 75-85 ლარი ჯდება. სასტუმროს მომსახურებაში შედის სამჯერადი კვება, ტალახის პროცედურები და ფიზიოთერაპია.
ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.