კახეთის გუბერნატორმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შექმნა
კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტიქიამ ახმეტის, თელავის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნციპალიტეტები დააზარალა . მისივე თქმით, სტიქიას მსხვერპლი არ გამოუწვევია, თუმცა დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მისივე თქმით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს, თუმცა არის ადგილები, სადაც ტექნიკა არსებული სიტუაციის გამო შესვლას ვერ ახერხებს.
სტიქიამ კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი საკმაოდ დიდია. დაზიანებულია გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და დატბორილია სახლები. დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები იმ ადგილებში, სადაც შესაძლებელია ტექნიკის და ცოცხალი ძალის მუშაობა. იმ სოფლებში კი სადაც ადიდებულია მდინარეები, ტექნიკის შესვლა ვერ ხერხდება.
კახეთის გუბერნატრის განცხადებით, ორშაბათს სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის სამინსიტროებისა და საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და სპეციალისტები ჩამოვლენ, ადგილზე შეისწავლიან ზარალის ოდენობას. ამ ეტაპზე მდინარე ალაზნის და სტორის კალაპოტში ჩადგომამდე რაიმე გაწმენდითი სამუშაოები დაწყება ვერ ხერხდება, რადგან ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სამაშველო ჯგუფებს.
დაზალებულ მოსახლეობას, რომელთაც სტიქიამ სავარგულები გაუნადგურა, ადგილობრივი მთავრობა შუამდგომლობას გავუწევს, რომ თანხის გადახდის გრაფიკის გადავადება მოხდეს.
„კახეთში სტიქიური უბედურებების პრევენციის მიზნით, 4 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის. 24 საათის განმავლობაში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში, მოსახლოებას დახმარებას გაუწევენ. რაც შეეხება ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი გზას, მისი გახსნა გადავადდება, რადგან თუშეთთან დამაკაშირებელი გზის 150 მეტრამდე მონაკვეთი ღვარცოფმა წაიღო. გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერია ჩამოწოლილი, მდინარეებში კი წყლის დონე ჯერ კიდევ მომატებულია და გაწმენდითი სამუშაოები ვერ იწყება. როგორც კი შევძლებთ, ვერტმფრენით გავაკეთებთ შემოვლას, რათა ვნახოთ, სადმე ხომ არ არის წყლის ისეთი დაგუბება, რომ გარღვევის შემთხვევაში უფრო დიდი სტიქიური უბედურების საფრთხე შეიქმნას. ეს საკითხი კომპლექსურია და ახლა საუბარი იმაზე, როდის გაიხსნება გზა, ნადრევია“ “, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი