ახალი ამბები

“მდინარე სტორთან ერთად კიდევ ერთი მდინარეა ადიდებული, თუმცა ის საფრთხეს არ წარმოადგენს”

ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მდინარე სტორთან ერთად კიდევ ერთი მდინარე ჭიჭაკვია ადიდებული, თუმცა ის საფრთხეს არ წარმოადგენს.

როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, მდინარეების ადიდების შედეგად, დატბორილია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და სავარგულები. მისი თქმით, საწყის ეტაპზე ტექნიკა ადიდებულ მდინარეს შეაკავებს, შემდეგ კი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მდინარის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება.

„მდინარე სტორთან ერთად, ადიდებულია კიდევ ერთი მდინარე ჭიჭაკვი. თუ წყლის ნაკადმა არ მოიმატა, ეს მდინარე საფრთხეს ამ ეტაპზე არ წარმოადგენს. მდინარე სტორში წყლის ნაკადმა დაიკლო. ამ ეტაპზე დატბორილია სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და სხვადასხვა სავარგულები. სამომავლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად აუცილებლად დაიგეგმება და განხორციელდება მდინარეების კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები.

ზარალთან დაკავშირებით ჯერ ადრეა საუბარი იმიტომ, რომ პროცესი ამ წუთასაც მიმდინარეობს და არ ვიცით, კიდევ რას დააზიანებს. ამ ეტაპზე შევეცდებით, რომ ტექნიკის დახმარებით მაქსიმალურად ჩარჩოში მოვაქციოთ მდინარე, რათა დამატებითი დაზიანებები თავიდან ავიცილოთ, მაგრამ შემდგომში უფრო მასშტაბური ღონისძიებები იქნება გასატარებელი”, – აღნიშნა გელა სამხარაულმა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი