ლაგოდეხის მერი – ძირითადი პრობლემა გურჯაანისკენ მიმავალი ცენტრალური გზაა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სტიქიის ძირითადი ეპიცენტრი, მდინარე ალაზნის მიერ დატბორილი ადგილები და გურჯაანისკენ მიმავალი ცენტრალური გზაა.
ჯონდო მდივნიშვილის თქმით, თითქმის ყველა თემში საცხოვრებელი სახლიდან სრულად არის ამოტუმბული წყალი, თუმცა ცალკეულ ადგილებზე სამაშველო სამსახურის ჩართულობა მაინც საჭიროა.
„მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ვებრძვით სტიქიას. უხვმა ნალექმა თითქმის ყველა თემში საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შიდა საუბნო გზები დატბორა.
თბილისიდან ჩამოსული სამაშველო ჯგუფებიც გვეხმარებოდნენ. ახლა ძირითადი პრობლემა გურჯაანისკენ მიმავალი ცენტრალური გზაა, სადაც მდინარე ალაზანია გადმოსული და სამანქანე გზის დაკეტვა გახდა საჭირო. სტიქიის ზონაში კვლავ მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი