ლაგოდეხის მერია – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი თვითმმართველობის ინდექსით საუკეთესო ხუთეულშია
საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო 87% -იანი შედეგით, როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელ ორგანოებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2019 წლის შეფასების შედეგები წარადგინეს და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტები დააჯილდოეს.
,,პრეზენტაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია დაესწრო. 2019 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 61%-იანი შედეგი აქვს. ბათუმთან ერთად, ასევე დაჯილდოვდა ლაგოდეხის (56%) მუნიციპალიტეტი”,- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაღალი მაჩვენებელი უმეტესწილად განაპირობა ლაგოდეხის საკრებულოს გამორჩეულმა შეფასებამ (87%), რაც საუკეთესო შედეგია როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელ ორგანოებს შორის.
შედეგად, მუნიციპალიტეტთან ერთად ლაგოდეხის საკრებულოც დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელით.