ლაგოდეხში სპეციალური სამაშველო ტექნიკა და დამატებით მობილიზებული ცოცხალი ძალა მუშაობს
კახეთში, მდინარეების ადიდებით გამოწვეული შედეგების უმოკლეს დროში აღმოფხვრის მიზნით, თბილისის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ლაგოდეხში იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სპეციალური სამაშველო ტექნიკა და დამატებით მობილიზებული ცოცხალი ძალა მუშაობას უკვე შეუდგა. უწყეტ რეჟიმში მუშაობენ კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც.
ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი და მიმდინარე სამუშაოებს მეთვალყურეობას პირადად უწევდა.
შსს-ს ინფორმაციით, გუშინ, ღამით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის კოორდინირებული თანამშრომლობით, მდ. ალაზნის წყლის დონის მომატებისთანავე, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტა. ვითარების დარეგულირებისთანავე, აღნიშნულ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.
ამ დროისათვის, კახეთში აღარ წვიმს. შეინიშნება მდინარეების კალაპოტებში წყლის დონის კლება. დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა 150-ზე მეტ ოჯახს შესაბამისი დახმარება უკვე გაუწიეს.