ღია კინოთეატრი, ამფითეატრი, ფანჩატური – როგორი იქნება გურჯაანის განახლებული პარკი, რაზეც 2.9 მლნ დაიხარჯება
მთავრობა „გურჯაანის პარკის რეაბილიტაციას“ გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 20 მაისს დაიწყება და 24 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 890 846 ლარია.
როგორც გამოცხადებულ ტენდერშია მითითებული, საქართველომ ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება მიიღო და განზრახული აქვს, რომ ამ სახსრების ნაწილი გურჯაანის პარკის რეაბილიტაციისთვის გამოიყენოს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი – პარკში არსებული შენობა-ნაგებობების (საზაფხულო კინოთეატრი, ამფითეატრი, მრავალსაფეხურიანი კიბეები, შალიკაშვილების სახლი, სპორტული მოედანი) რესტავრაცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ბილიკებისა და საავტომობილო გზების მოწყობასა და მოპირკეთებას, ტერიტორიაზე საიჟინრო-საკომუნიკაციო სისტემების მოწყობას, ტერიტორიის განათებას, სკვერის ცენტრალური შესასვლელის მოწყობას, ვიზიტიორთა ცენტრის და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას, ფანჩატურების, საბავშვო მოედნების და ბელვედერის მოწყობას, ადგილობრივი აგრონომიული კუთხის, ტერიტორიის მწვანე საფარის მოწყობისა და დენდროლოგიურ სამუშაოებს ითვალისწინებს.