რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროში კიდევ სამი პროექტი განხორციელდება
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროში კიდევ სამი პროექტი განხორციელდება. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე უყარეს კენჭი.
საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის განცხადებით, 2019 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შევიდა ცვლილება, რის მიხედვითაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
,, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროში დამატებით განხორციელდება შემდეგი პროექტები: ქალაქ დედოფლისწყაროში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დარჩენილი მონაკვეთების რეაბილიტაცია განხორციელდება (9 აპრილის შესახვევი, ჰ. გონაშვილის, ფ. ლაპიაშვილის, თაყაიშვილის, თბილისისა და მთის ქუჩები). პროექტის საერთო ღირებულება 643 646 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია სოფელ არბოშიკში ე.წ. ,,უთრუთაანთ უბნის“ გზის რეაბილიტაცია, რომელზეც 948 368 ლარი დაიხარჯება.
ასევე დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქ დედოფლისწყაროში შიდა საავტომობილო გზებზე გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებაა 311 589 ლარი. აღნიშნული თანხები აისახა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში და მისი ხარჯვითი ნაწილი 1 მილიონ 907 700 ლარით გაიზარდა”,– განაცხადა ნუგზარ პაპიაშვილმა.