რას მოუტანს დეცენტრალიზაციის სტრატეგია ადგილობრივ თვითმმართველობას?
ყველა თანხმდება იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეალურ დამოუკიდებლობამდე კიდევ ბევრი ღონისძიების განხორციელებაა საჭირო.
მმართველობის დეცენტრალიზაცია, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყნის წინაშე კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა დეცენტრალიზაციის 2019-2025 წლების სტრატეგიული გეგმა, რომლის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვა თელავში გაიმართა.
დოკუმენტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდის, ფინანსური დეცენტრალიზაციის და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფას. სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან შენიშვნები აქვთ ექსპერტებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.
ექსპერტის, კოტე კანდელაკი მიუთითებს, რომ დოკუმენტში არ არის ნათლად გაწერილი კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, ვინ იქნება პასუხისმგებელი მის შესრულებაზე.
,,მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის არსებობა, თუმცა არსებობს შენიშვნები. ჩემი შენიშვნა ამ ეტაპზე არის ის, რომ დოკუმენტი კონკრეტიკას მოკლებულია და კარგი იქნება თუ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის გეგმას დაერთვება სამოქმედო გეგმაც თავისი კონკრეტული ვადების და პირების მითითებით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონკრეტული ცვლილებების გატარებაზე,’’- განუცხადა Knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.
დოკუმენტის პირველად ვერსიაში ხარვეზებს ხედავს აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის თელავის ოფისის კოორდინატორიც. ნიკოლოზ შარვაშიძე განმარტავს, რომ დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვანი კომპონენტები – საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვება, მოქალაქეთა ჩართულობა, თვითმმართველი ერთეულებისთვის ქონების გადაცემა დოკუმენტში არ არის ასახული.
,,დეცენტრალიზაციის შესახებ მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში ბევრი მნიშვნელოვანი თემებია წამოჭრილი, თუმცა არის საკითხები, რომლებიც არ არის ამ სტრატეგიაში გათვალისწინებული და ძირეულად ჩაშლილი. ესენია თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემა, საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვება, მოქალაქეთა ჩართულობა და სხვა. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი რაც მიმდინარეობს ბოლომდე მივა, იქნება უფრო დეტალური და კონკრეტული. ვისურვებდით, რომ ამ საკითხში ადგილობრივი თვითმმართველობები მეტად იყვნენ ჩართული, რომ მათი ხედვები და მოსაზრებები იყოს ასახული დოკუმენტში, რადგან მათ უკეთ იციან პრობლემური საკითხები’’,- ამბობს ნიკოლოზ შარვაშიძე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი კი თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაზრდასა და ფინანსურ დეცენტრალიზაციაზე ამახვილებს ყურადღებას. არჩილ ხანდამაშვილი მნიშვნელოვნად აფასებს, რომ თვთმმართველი ერთეულები გადაწყვეტილებებს თავად მიიღებენ და ცენტრალური უწყებებიდან კონკრეტული საკითხების მოსაგვარებლად ნებართვების მიღება აღარ დასჭირდებათ.
,,პრობლემებს გვიქმნის ის, რომ დროულად ვერ ვახერხებთ გადაწყვეტილებების მიღებას ადგილზე. მაგალითად: გარკვეული ბარიერებია გადასალახი სკოლის პრობლემის მოგვარებისთვის, ასევე ნებართვების გაცემისთვის, სოფლებში შემოსევის დროს მტაცებელი ცხოველის მოკვლისთვის და აშ. რაც შეეხება ფინანსური კუთხით თვითმმართველობების გაძლიერებას, ახალი სტრატეგიული გეგმით ჩვენი შემოსავლები გაიზრდება, რადგან გადასახადების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩება. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, დეცენტრალიზაციას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას“, – აღნიშნავს ხანდამაშვილი.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელობაზე საუბრობს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. ნიკოლოზ როსებაშვილი ამბობს, რომ სტრატეგიის დოკუმენტი ხელს შეუწყობს თვითმმართველობების დეცენტრალიზაციას და გაძლიერებას.
,,თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შედგენა და განხილვა ხდება ყველა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. ამ მიმართულებით დაწყებულია სამ ძირითად საკითხზე მუშაობა: ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, თვითმართველობის ფინანსური გაძლიერება, გამჭვირვალე მმართველობის და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა. ამ პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები’’,- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ როსებაშვილმა.
სტრატეგიული გეგმის შემუშავება გასულ წელს დაიწყო, რომლის განხილვა უკვე ხუთ რეგიონში გაიმართა. ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მელუა ამბობს, რომ შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება.
,,მოვისმინეთ თვითმმართველობების წარმომადგელების , არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქალაქეების აზრი. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება, რომელზეც ვისაუბრეთ, ჯერ არ დასრულებულა. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს ექნება სამოქმედო გეგმა და მასში შესული იქნება ის რეკომენდაციები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობიდან ან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მივიღებთ. როცა შეიკვრება სრული პროექტი, რომელიც მოიცავს სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით თვითმმართველობებს და გამზადებულ დოკუმენტს განვიხილავთ მათთან ერთად. ამ ეტაპზე მხოლოდ გეგმის ძირითადი პრინციპებსა და ამოცანებს განვიხილავთ”, – აცხადებს დავით მელუა.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა თელავში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.