სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ ოფიციალურად გაიხსნა
ახალი სასტუმრო “რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამული” კახეთში, კერძოდ, წინანდალში ოფიციალურად გაიხსნა.
„რედისონის“ სასტუმროების ჯგუფის აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი მიშელ სტალპორტი აცხადებს, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ვიზიტორებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს.
მიშელ სტალპორტიზ განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ კახეთი საქართველოში ღვინის ისტორიული მხარეა, კომპლექსი სტუმრებს საშუალებას აძლევს, მოინახულონ წინანდლის მამულის უნიკალური ვენახი და ისტორიული მარანი.
„ვამაყობთ, რომ „რადისონ ქოლექშენის“ პირველ სტუმრებს ამ შესანიშნავ რეგიონში ვუმასპინძლებთ. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა და აღიარებულია, როგორც ღვინის აკვანი. აქ ტურისტებს დიდი სითბოთი და სტუმართმოყვარეობით ხვდებიან. „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ წარმოადგენს ბრწყინვალე არქიტექტურის ნიმუშს. აქ ისტორიული ავთენტურობა კარგად ერწყმის თანამედროვე დიზაინის დეტალებს და სწორედ ეს უქმნის სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოს“, – აცხადებს მიშელ სტალპორტი.
სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი, წინანდლის მამული“ 141 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს აერთიანებს. თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო ქართული ტრადიციების, კულტურისა და არქიტექტურული სტილის ინსპირაციით შეიქმნა.
პროექტი კახეთში “სილქ როუდ ჯგუფმა” “საპარტნიორო ფონდისა” და “თიბისი ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.