სტატიები

ყვარელში დაყენებული ღვინო ორიგინალური შეფუთვით

ორიგინალური შეფუთვით დამზადებული ღვინის გაყიდვის იდეა გასულ წელს ორ მეგობარს თეო ხუხუნსა და მარი ლაგვილავას მოუვიდათ.

ახალგაზრდა მეწარმეებმა ბიზნესი საკუთარი ნივთების დალომბარდში დაგირავებით და ბანკიდან სესხის გამოტანით დაიწყეს. ისინი ამბობენ, რომ ETC-ს ღვინოზე მოთხოვნა იზრდება.
მათი მტკიცებით, ღვინოს ტრადიციული და ევროპული ტექნოლოგიით ამზადებენ, რომელიც ალკოჰოლური სასმელის უნიკალურ გემოვნურ თვისებებს გემოს განსაზღვრავს.
,,ჩვენი ღვინო კახეთში, ყვარელში იწარმოება. 7 სახეობის ღვინო გვაქვს, აქედან, ნახევრადტკბილი ქისი ქართულ ბაზარზე იშვიათია, ისევე, როგორც ვარდისფერი ნახევრადტკბილი. გარდა ამისა, გვაქვს განსაკუთრებული ქინძმარაული, დურუჯის სანაპიროზე გაშენებული ვენახებიდან, სადაც მთელი მიკროზონა და კლიმატი მორგებულია იმაზე, რომ გამოვიდეს არაჩვეულებრივი ქინძმარაული. ღვინის ახალი ბრენდის ETC-ს (ET CETERA ანუ და ა.შ.) ისტორია 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, ავიღეთ სესხი, ლომბარდში შევიტანეთ ოქროები და ისე დავიწყეთ საქმე. მუდმივად ვფიქრობთ ვიზუალურ კონცეფციაზე, ვწერთ მხატვრულ ტექსტებს კონტრ ეტიკეტებისთვის, ვმუშაობთ სოციალურ მედია მენეჯმენტზე “, – განუცხადეს knews.ge-ს მეწარმეებმა.
კომპანიის დამფუძნებელი, თეო ხუხუნი აცხადებს, რომ მეღვინეობა საკმაოდ რთული, მაგრამ სასიამოვნო საქმეა. მისი თქმით, სანამ ამ მიმართულებით დაიწყებდნენ საქმიანობას, ბაზარი გამოიკვლიეს და მას შემდეგ გადაწყვიტეს ღვინის წარმოება. მეწარმე ამბობს, რომ ღვინის თითოეული ბოთლი მყიდველს სხვადასხვა ისტორიას უყვება, რაც გამოარჩევს მათ ბრენდს სხვებისგან.
„საქმიანობის დაწყებამდე უამრავ იდეას ვუზიარებდით ერთმანეთს. გადავწყვიტეთ ერთი მაინც გვექცია რეალობად. გამომდინარე იქიდან, რომ ორივეს ღვინო გვიყვარს, გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. შევისწავლეთ ბაზარი, რის შედეგადაც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი იდეის იდენტური არ არსებობდა. ტურისტული ადგილებისთვის შევქმენით, კონკრეტულად, ამ ლოკაციაზე მორგებული ღვინის ეტიკეტები. გვინდოდა, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მოყვებოდა ამბავს, იქნებოდა ემოციითა და რომანტიკით სავსე და მომხმარებელს მისცემდა შესაძლებლობას, თავადვე გამხდარიყო ამ ისტორიის ნაწილი. ღვინოები იყიდება თბილისში, ბათუმში, მარტვილში, თუშეთსა და გუდაურში. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ არა მხოლოდ წინა ეტიკეტზე, არამედ კონტრეტიკეტზეც, საიდანაც ღვინის თითოეული ბოთლი საუბრობს პირველ პირში, მომხმარებელს უზიარებს ემოციას, უყვება ამბავს და აძლევს შესაძლებლობას, თავად განაგრძოს დაწყებული ისტორია, ამბავი ან მიუძღვნას ვინმეს’’, – განაცხადა თეო ხუხუნმა.
მეწარმეების განმარტებით, „ითისის“ ღვინო არის მოგზაურებისთვის და სიახლეების მაძიებელთათვის. ქართველი მომხმარებლის გარდა, ღვინის ბოთლების ვიზუალური მხარე მაქსიმალურად გათვლილია ტურისტებზე.
,,ჩვენი ღვინო იყიდება მაღაზიებში და ღვინის ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში. გვინდა საინტერესო ადგილები, სასტუმროები რეგიონებში. ხანდახან, სამი ბავშვით დავდივართ ელიავაზე, როცა თაროს ან ტანსაცმელების ყიდვა გვინდა. ჩემი მანქანით თავად ვახორციელებთ დისტრიბუციას რეგიონებში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუშეთის გარდა, ყველა რეგიონში მიგვაქვს პროდუქტი’’, – ამბობს მეწარმე.
მეწარმეები უახლოეს მომავალში პროდუქციის რეალიზაციის გაორმაგებას და სხვადასხვა ტურისტული ადგილის ათვისებას გეგმავენ.