თელავში თემატური საზოგადოებრივი საბჭოები შეიქმნება
ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავი ითვალისწინებს. ექსპერტები მიუთითებენ, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად თვითმმართველმა ერთეულმა ეფექტური ღონისძიბები განახორციელოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობა კვლავ დაბალია. მოსახლეობის გააქტიურების და მუნიციპალიტეტის მართვაში ჩართულობის გაზრდის მიზნითთელავის მუნიციპალიტეტში თემატური საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა იგეგმება. აღნიშნულ საბჭოებში გაწევრიანება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ან საზოგადოების წევრს შეეძლება.
თელავის მერის ინფორმაციით, თემატური საბჭოები, ძირითადად, იმუშავებენ არსებული პრობლემების გამოვლენასა და მათი მოგავრების გზებზე, მიმდინარე საკითხებსა და პროექტებზე მოქალაქეების მოსაზრებებს მოისმენენ. შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი საბჭოები ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდას.
,,ჩვენ მზად ვართ ღიაობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების ინფორმირებულობისა და გაძლერებისთვის ვგეგმავთ, შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭოები, რომლის წევრიც ყველას შეუძლია გახდეს და მიიღოს აქტიური მონაწილეობა. საბჭოების მუშაობის ძირითადი მიმართულება იქნება სხვადასხვა პრობლემური საკითხის გამოვლენა და მის მოგვარებაზე მსჯელობა, რომელიც შემდეგ ბიუჯეტში აისახება‘’,- განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ თემატური საბჭოები ხელს შეუწყობს საზოგადოების გააქტიურებას და ადგილობრივი თვითმმართელობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას. არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თელავი ჩემი ქალაქია“ გამგეობის წევრი თამარ ბოტკოველი განმარტავს, რომ ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება თელავში არსებული პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
,,მნიშვნელოვანია თემატური საბჭოების შექმნის ინიციატივა. ეს საზოგადოებას უფრო აქტიურს გახდის. საბჭოების დახმარებით და ხშირი შეხვედრებით გვეცოდინება, სამომავლოდ, რა აქტივობების განხორციელებას გეგმავს უწყება. მოხარულები ვართ, რომ მერი მოწადინებულია და მზად არის, განახორციელოს ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები ჩვენთან ერთად. ჩვენც გვაქვს სურვილი, ჩავერთოთ საზოგადოებრივი საბჭოების მუშაობაში და ვითანამშრომოთ მერიასთან’’,– აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას თამარ ბოტკოველი.
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ თემატურ საბჭოებთან და მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებთან ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის დანერგვას. კანდელაკი ფიქრობს, რომ საბჭოებს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე უნდა ჰქონდეთ გავლენა.
,,მერს აქვს ვალდებულება, რომ შექმნას მრჩეველთა საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები და და სხვა დაინტერესებული მხარეები იქნებიან ჩართულები. ძალიან კარგი იქნება, თუ მრჩეველთა საბჭო თუ გაფართოვდება და თემატური სახე მიეცემა. ეს ხელს შეუწყობს სხვადასხვა დაინტერესებული პირების ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში. მთავარია იყოს ქმედითი და შედეგის მომტანი მათი მუშაობა და არა ფორმალური, რომ მხოლოდ შეიკრიბონ და დაიშალონ. მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საბჭოებს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედების რეალური ბერკეტები ჰქონდეთ. ამის გამოცდილება თვითმმართველობებში ნაკლებია’’,- განუცხადა Knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.
ადგილობრივები თემატური საბჭოების შექმნის აზრს ვერ ხედავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობას რეალური შედეგი არ ექნება, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება არ ითვალისწინებს მოქალაქეების მოსაზრებებს.
,,რა აზრი აქვს თემატური საბჭოების შექმნას. მაინც არავინ არ გვისმენს. ხელისუფლება მაინც იმას გააკეთებს, რაც სურს. ’’,- განუცხადა Knews.ge-ს თელაველმა მარინა ლალიაშვილმა.
თემატური საბჭოების გარდა, თელავის მერი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნასაც გეგმავს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით. მერის სათათბირო ორგანოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. კანონი მერს ავალდებულებს, მის მიერ დამტკიცებულ საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, ინფრასტრუქტურული და სოციალური, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.
ავტორი ნატალია ცისკარაშვილი
წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.