IRI – კახეთში გამოკითხულთა 50% თვითმმართველობების საქმიანობას უარყოფითად აფასებს
გამოკითხვის თანახმად, 62% ფიქრობს, რომ კახეთის მუნიციპალიტეტების საქმინობა არ არის ღია და გამჭვირვალე, 36%-ს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, ხოლო 8% ამ საკითხზე საუბრისაგან თავს იკავებს.
მესამე სექტორში კვლევის შედეგებს ადგილობრივი მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებით ხსნიან. თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები არ არიან ჩართულები, რომელიც ხელისუფლების მიმართ მათ უნდობლობას განაპირობებს.
„თვითმმართველობა სწორედ ის რგოლია, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს ხალხთან ახლოს და ენდობოდეს მას. საქართველოში, სამწუხაროდ, თვითმმართველობას ყოველთვის ერთ-ერთი დაბალი ნდობის მაჩვენებელი აქვს. ეს განპირობებულია იმით და მიანიშნებს, რომ გარკვეულ საკითხებში თვითმმართველობის ორგანოები სავარაუდოდ ვერ ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებას ჯეროვნად. გარდა ამისა, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივაც, რაც ასევე მიზეზია ასეთი შედეგის. მოქალაქეები არ ერთვებიან ისეთ საკითხების გადაწყვეტაშიც კი, რომელიც პირადად მათ ეხებათ. თვითმმართველობებმა უნდა იზრუნონ, რომ მოახერხონ და ჩართან მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს გაზრდის ნდობას და მოსახლეობას დაუბრუნებს რწმენას, რომ მათ აქტიურობას და ჩართულობას შეუძლია ცვლილებების მოტანა“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ შარვაშიძე.
რეგიონის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლიზი სოფრომაძე მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ გრძელვადიანი განვითარების ხედვა, რომელიც მოსახლეობის უარყოფით განწყობის ერთ-ერთი მიზეზია.
„ადგილობრივი ხელისუფლება ბევრად უფრო ღიაა და გახსნილი, ვიდრე წინა წლებში, თუმცა გახსნილობასთან ერთად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და საზოგადოების თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა რომ გახადოს უფრო მდგრადი, ჰარმონიზებული და არ იყოს ერთჯერადი, კიდევ დამატებითი რესურსებია საჭირო. პირველი ეს არის მეტი ცოდნა, გამოცდილება, რაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ნამდვილად სჭირდებათ. აუცილებელია საკმარისი ფინანსური, მატერიალური რესურსები, რათა საზოგადოებასთან ურთიერთობა იყოს უფრო მდგრადი. გრძელვადიანი თანამშრომლობა ზრდის ნდობას. შესაბამისად იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტები ფინანსურად არ არიან მდგრადები, უჭირთ საკუთარი შემოსავლების პროგნოზირება 2, 3, 4 წლის პერსპექტივაში, ამიტომ ისინი საზოგადოებასთან გრძელვადიან თანამშრომლობას ვერ იწყებენ. ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების ხედვა“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ლიზი სოფრომაძე
თელავის მერი კი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგებს არ ენდობა. შოთა ნარეკლიშვილი აღნიშნავს, რომ IRI-ის კვლევის შედეგები არ ასახავს მოქალაქეების რეალურ განწყობას. ნარეკლიშვილის აზრით, მოსახლოების უფრო დიდი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით კმაყოფილია.
„IRI-ის კვლევის ეს შედეგები არ ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობას. ეს მიზანმიმართულ ინტერესებზე უფრო მინიშნებს. ამ შედეგებს უნდობლობას ვუცხადებ და არ ვიზიარებ, რადგან მოსახლეობის დამოკიდებულება თვითმმართველობის მიმართ განსხვავებულია. გვახსოვს წინასაარჩევნოდ სხვა შედეგები ქვეყნდებოდა, მაგრამ არჩევნების შედეგები სხვა სურათს გვაჩვენებდა. ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობით უფრო მეტი მოქალაქეა კმაყოფილი, ვიდრე უკმაყოფილო“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას შოთა ნარეკლიშვილი.