“ქუვეითელი ბიზნესმენები ქართული ცხვრით, თაფლით და ხილ-ბოსტნეულით ინტერესდებიან”
მისი თქმით, ქუვეითელი ბიზნესმენები, უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი ცხვრის ექსპორტით ინტერესდებიან.
“პირველი, რითაც ისინი ინტერესდებიან, არის ცოცხალი ცხვრის ექსპორტი, რომელიც საუდის არაბეთში და საამიროებში წლებია ხორციელდება, ქუვეითშიც მაქსიმალური რაოდენობა შეაქვთ უკვე. იქ ცხვარი ძირითადად სეზონურად შედის, როდესაც რამადანია. წელიწადში დაახლოებით 30-32 ათასი ცხვარი მიჰყავთ. მათ აინტერესებთ თაფლიც. რამდენიმე კომპანია იყო საქართველოში ჩამოსული, რომ თაფლის გატანაზე მოლაპარაკებები ეწარმოებინა. ქუვეითში შემოვიდა ქართული ლიმონათიც, რომელსაც კომპანია “ნატახტარი” აწარმოებს. დიდი ინტერესია ქართული ხილ-ბოსტნეულის შეტანაზეც, რაზეც ასევე მოლაპარაკებებია” – განაცხადა როლანდ ბერიძემ.
ელჩის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გარდა, ქუვეითელები საქართველოში უძრავი ქონებითაც ინტერესდებიან. ისინი დიდი ოდენობით უძრავ ქონებას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს ყიდულობენ.
ბერიძის განმარტებით, საქართველოს მიმართ ინტერესის გაზრდა დასტურია ის აქტიური საჰაერო მიმოსვლაც, რომელიც ქუვეითმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოსთან დაიწყო. შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება ქუვეითის მოწინავე ავიაკომპანიამ Jazeera Airways-მა დაიწყო. ის რიგით მესამე ავიაკომპანიაა ამ ქვეყნიდან.
“ქუვეითი ჯერ-ჯერობით ისეთი აქტიური არ არის, როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაგრამ მათი ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან გაზრდილია. ოთხი წლის წინ მათ არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ, ბოლო ერთ წელში კი უკვე სამი ავიაკომპანია შემოვიდა საქართველოს ავიაბაზარზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქუვეითელი ხალხის ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია, ისინი ძალიან ბევრს მოგზაურობენ და ჩვენი ქვეყანა აშკარად მათი ინტერესის სფეროში მოექცა”, – აღნიშნა ბერიძემ.