სტატიები

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს მუნიციპალიტეტები განახორციელებენ

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის კუთხით განხორციელდება. ხელისუფლება კანონში ცვლილებებს უახლოეს მომავალში გეგმავს. 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, გამოცხადდება ტენდერები, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ტიპის რეაბილიტაცია ან სამუშაოები სჭირდება საჯარო სკოლას, ხოლო მშენებლობის თანხებს სამინისტრო გამოყოფს. მიხეილ ჩხენკელი კანონპროექტში ცვლილებებს არ გამორიცხავს. 
“ამ პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობები წარმართავენ. დაიდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს მოაწერენ განათლების და მეცნიერების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. პროცესი გაგრძელდება მათი კურირებით. სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით კონტროლს განათლების სამინისტრო განახორციელებს“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ადგილობრივ თვითმმართველობებში დადებითად აფასებენ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაცილებით ოპერატიულად განხორციელდება. 
„მივესალმები ამ სიახლეს. ვფიქრობ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი რეაგირება და მოქმედება იქნება გაცილებით სწრაფი და ოპერატიული. ყველა პრობლემას ერთ დღეში ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ მდგომარეობას თვალსაჩინოდ შევცვლით’’, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ დავითაშვილი ამბობს, რომ სიახლე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მხოლოდ სკოლების ინფრასტრუქტურის განკარგვის უფლებას აძლევს, ვაუჩერული დაფინანსების სისტემა და პედაგოგთა ანაზღაურება კი უცვლელი რჩება.
„სასწავლო გეგმა, ხელფასები და ვაუჩერული დაფინანსების სისტემა. მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტი. თვითმმართველობებმა უკვე მიიღეს საქართველოს მთავრობის ოფიციალური შეტყობინება. დაგვევალა სამწლიანი პრიორიტეტების შედგენა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი სკოლების რეაბილიტირებას განახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მისასალმებელია, რადგან ესა თუ ის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხშირად ჭიანურდებოდა. როცა განათლების სამინისტრო 3 700 სკოლაზე ზრუნავს, ცხადია, პროცესი დროში იწელება, ასეთ შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტი ბევრად ეფექტურად აღმოფხვრის პრობლემას. ამისთვის საჭირო ფინანსებს კი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში გადარიცხავს, “ – აღნიშნა ეთერ დავითაშვილმა. 
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ ამბობენ, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოკვლევაზე აქტიურად მუშაობენ. მერის პირველი მოადგილის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოკვეთილია 8 სკოლა, სადაც დაუყოვნებლივ საჭიროა ინფრასტრუქტურულ სამუშაოების დაწყება. გიგა თუშიშვილის განმარტებით, მერია სკოლების გადაცემის პროცესის დასრულებას ელოდება, რის შემდეგაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაოები აქტიურად დაიწყება.
,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ პრობლემების აღწერა, რაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებს აქვთ. დაახლოებითი მონახაზი უკვე გვაქვს. თითქმის ყველა სკოლას აქვს გარკვეული პრობლემები მოსაგვარებელი. ამ ეტაპისთვის გამოყოფილი გვაქვს 8 სკოლა, რომელიც გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა შეკეთდეს. ესენია: სოფელ ვარდისუბნის, ქვემო ხოდაშენის, ართანას, კურდღელაურის, ლაფანყურისა და გულგულას სკოლები. სოფლების გარდა, ასევე ქალაქის სკოლებშიც საჭიროა სარემონტო სამუშაოები. სამინისტროებში წერილები უკვე გავაგზავნეთ და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვაც გარკვეულ სკოლებზე უკვე მზად გვაქვს. ველოდებით სკოლები გადმოგვეცეს, რათა დავიწყოთ საქმიანობა’’, – განუცხადა knews.ge-ს გიგა თუშიშვილმა.