სტატიები

ველისციხეში, ლომთაძეების მარანში, ღვინოს საუკუნოვან ქვევრებში აყენებენ

ლომთაძეების მარანი, სადაც ღვინოს აყენებენ, 10 დიდ და 14 პატარა უძველეს ქვევრს მოიცავს, რომელთა მოცულობა 50 ლიტრიდან 2 ტონამდე მერყეობს. მეღვინე თორნიკე ლომთაძე აცხადებს, რომ ღვინოს მეღვინეობისთვის საუკეთესო ზონებში გაშენებული ყურძნისგან ამზადებენ, რაც მის უნიკალურ გემოვნურ თვისებებს განაპირობებს. თორნიკე ამბობს, რომ ქვევრების უმეტესობა, სადაც ღვინოს ავარგებენ, დამზადებულია 1900 წელს. მისივე ინფორმაციით, ლომთაძეების ქვევრებში კახური წესით ღვინის დაყენება საუკუნეზე მეტია არ შეწყვეტილა.
,,მარანი ჩვენმა წინაპრმა იოსებ ლომთაძემ ააშენა. გვაქვს 10 დიდი და 14 პატარა ქვევრი, სადაც მითითებულია, რომ მათი უმეტესობა დამზადებულია 1900 წელს. გვეამაყება, რომ საუკუნეზე მეტია ჩვენს მარანში არ შეწყვეტილა ქვევრებში კახური წესით ღვინის დაყენება. ვინაიდან ქვევრის ღვინის მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გაჩნდა დიდი ინტერესი, გადავწყვიტეთ 2015 წლის მოსავალი ჩამოგვესხა ბოთლებში. ჩვენმა რქაწითელმა ღვინით დაინტერესებულ წრეებში დიდი მოწონება დაიმსახურა და გადავწყვიტეთ ამ საქმისთვის საფუძვლიანად მიგვეხედა’’,- აღნიშნავს თორნიკე ლომთაძე.
მეღვინე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სოფელ ველისციხეში, მეღვინეობისთვის საუკეთესო ზონებში გაშენებული გვაქვს როგორც რქაწითელის, ასევე საფერავის ჯიშის ყურძენი, რაც ღვინის გემოვნურ თვისებებზე დადებითად მოქმედებს. იგი აცხადებს, რომ სურვილი აქვს მომავალში აღვადგინოს რამდენიმე ვაზის უძველესი ჯიში, რომელიც ყველაზე კარგად შეეწყობა სოფელში არსებულ ნიადაგს. 
მეღვინე აღნიშნავს, რომ ვაზს წამლის მხოლოდ ბიოლოგიური პრეპარატებით, რაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას უწყობს ხელს.
,,ვენახების მოვლისას ვიყენებთ მხოლოდ ბიო მეურნეობაში რეკომენდირებულ კონტაქტურ პრეპარატებს, ლიმიტირებული დოზებით. ჩვენი წარმოებული საფერავის და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოები ეკოლოგიური სისუფთავით და ჯიშური არომატებით გამოირჩევა. ჩვენი ღვინის პირველი მყიდველები ტურისტები იყვნენ, რომლებიც ჩვენსავე მარანს სტუმრობდნენ. 2016 წლიდან ვთანამშრომლობთ ღვინის მაღაზიებთან „დიონისე“ და „ვაინ ლაბ“, გვაქვს სხვადასხვა ღვინის ბარიდან და მაღაზიიდან შემოთავაზებები, რომლის გათვალისწინებითაც მიმდინარე წელს ჩვენი ღვინოები ქართულ ბაზარზე უფრო ფართო მასშტაბით იქნება წარმოდგენილი’’, – განუცხადა knews.ge-ს თორნიკე ლომთაძემ. 
თორნიკე მეღვინეობის დარგში არსებულ სირთულეებზეც საუბრობს. მეღვინე ამბობს, რომ მევენახეების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ფინანსური რესურსის ნაკლებობაა.
,,ოჯახის წევრებიდან არცერთი არ ვართ პროფესიონალი მეღვინე და მევენახე. ჩვენი ცოდნა ემყარებოდა მხოლოდ წინაპრებისგან მიღებულ ინფორმაციას. ყველაფერი დეტალურად თითქმის თავიდან შევისწავლეთ. სირთულეები მაინც ფინანსებთან არის დაკავშირებული, საკმაოდ ძვირი ღირს ღვინის შესანახი და ჩამოსასხმელი მოწყობილობები. ვფიქრობთ, რომ როდესაც ბაზარზე გაჩნდება მოთხოვნა, მეტი კონკურენცია იქნება და ფასებიც დარეგულირდება’’,- ამბობს მეღვინე. 
თორნიკეს აზრით, საქართველომ ღვინის კუთხით დაკავებული ნიშა რომ არ დაკარგოს, აუცილებელია უკეთესი ხარისხის პროდუქციის წარმოება. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გარკვეული სახის რეგულაციები დაწესდეს. 
,,მთავარი ფაქტორი ქართული ღვინის განვითარებისთვის არის ის, რომ მაქსიმალური ყურადღება მიექცეს ღვინის ხარისხს. მოთხოვნის გაზრდითა თუ ერთმანეთის მიმბაძველობით ყველამ დაიწყო ღვინის დაყენება და მარნებში სტუმრების მიღება, რაც თავისთავად მისასალმებელია. ამასთანავე აუცილებელია, დაწესდეს გარკვეული რეგულაციები, სტუმრებისთვის ხარისხისანი ღვინისა და საკვების მიწოდებასთან დაკავშირებით, ვინაიდან თითოეულმა ოჯახმა თუ ორგანიზაციამ, სადაც ღვინო იწარმოება და სტუმარს ხვდებიან, უნდა გაითავისონ, რომ ღვინის სამშობლოდან არიან და 8000 წლიან ისტორიას ჩრდილი არ უნდა მიადგეს’’, – აცხადებს თორნიკე ლომთაძე. 
მეღვინე, სამომავლოდ, წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.