სტატიები

არგენტინელი მოგზაურის თვალით დანახული საქართველო

ამ მარშრუტმა იგი საქართველოშიც მოიყვანა და თავისი შთაბეჭდილებები knews.ge-ს გაუზიარა.
– მე ბენჯამენი ვარ, ვმოგზაურობ მსოფლიოს გარშემო და ძირითადად ვიყენებ დაბალბიუჯეტიან საშუალებებს, როგორებიცაა კარავი და ავტოსტოპი. არგენტინა შვიდი წლის წინ დავტოვე, მას შემდეგ 33-ზე მეტ ქვეყანას ვეწვიე და ახლა აქ, საქართველოში, ვარ.

-ჩამოსვლამდე საქართველოს შესახებ თუ იცოდით რამე?
საერთოდ წინასწარ არ ვაგროვებ ხოლმე ინფორმაციას იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ვაპირებ მოგზაურობას. მიყვარს ყველაფრის ჩემით აღმოჩენა, თუმცა საქართველოზე მაინც მქონდა წარმოდგენა, ვიცოდი, რომ ეს იყო ქვეყანა კავკასიაში, მთიანი რეგიონი, გამორჩეული ღვინით.

-თქვენ ერთი თვე გაატარეთ საქართველოში. არის რამე, რაც განსაკუთრებულად მოგწონთ ან არ მოგწონთ ამ ქვეყანაში? 
– ჩემ მიერ ხალხთან ურთიერთობისას დაგროვებული გამოცდილებიდან, ჩემი აზრით, აღმაფრთოვანებელია ქართველების სტუმართმოყვარეობა და გულუხვობა: იმდენი მიპატიჟება მივიღე ადგილობრივებისგან, ძალიან ადვილია ავტოსტოპიც და გარემო შესანიშნავია! საქართველო ბუნებრივი ქვეყანაა, აქ ყველა ოჯახი საკუთარ ღვინოს აწარმოებს, ჩანს, თითქოს ყველაფერი თავდაპირველი სახითაა შემონახული. თქვენ ამას ვერ ნახავთ სხვა ქვეყანაში, იქ ყველაფერი ინდუსტრიალიზებულია, დაბეტონებულია, კარვის გაშლის საშუალებაც კი არ გაქვს, მაგალითად, სტამბულში ტყეს ვერ ნახავ, კილომეტრები უნდა გაიარო, ბუნებაში მოსახვედრად. საქართველოს აღვიქვამ ერთ დიდ სოფლად! რა თქმა უნდა, პოზიტიური გაგებით, ცხოვრება ისეთი უბრალოა, არ არის დიდი და აურზაურით სავსე ქალაქები, თბილისი კი დიდია, მაგრამ იქაც პატარა ქალაქის ატმოსფერო დგას; ეს ქვეყანა თავისი ბუნებრივობითა და სიმშვიდით გამოირჩევა, ადგილობრივები ყიდიან საკუთარი ხელით დამზადებულ პროდუქციას: ყველს, თაფლს, ღვინოს… და მარტო კი არ ყიდიან, გეპატიჟებიან კიდეც, რომ გასინჯო. 
ხალხი, ბუნება, მთები, სიმყუდროვე… ნამდვილად ვერ გეტყვით, რა არ მომეწონა, რადგან ასეთი არაფერი მახსენდება.

-როგორ შეაფასებთ ავტოსტოპის ეფექტიანობას საქართველოში?
ავტოსტოპი ნამდვილად მუშაობს და ძალიან მარტივია. ხალხი ძალიან კეთილგანწყობილია. მაგალითად, ისეთი შემთხვევებიც, რაც ბუნებრივი არაა თუნდაც ევროპისთვის, მაგალითად, ქალი მძღოლი, რომელსაც მანქანაში სხვა მგზავრი არ ჰყავს, თავს არიდებს მამაკაცი ავტოსტოპერის წაყვანას, რადგან უცხო ადამიანის მანქანაში ჩასმა დღემდე საფრთხისშემცველად მიიჩნევა. საქართველომ სასიამოვნოდ გამაოცა, თბილისიდან კახეთისკენ მომავალს ერთმა ქალბატონმა გამიჩერა და დამიმგზავრა: არანაირი სტრესი, არანაირი დაძაბულობა…

-თქვენ ნანახი გაქვთ არაერთი ქვეყანა ევროპასა და აზიაში, რას ფიქრობთ, რომელს მიეკუთვნება ჩვენი ქვეყანა, უფრო ევროპას თუ აზიასთან აქვს მეტი მსგავსება?
ჩემი გადასახედიდან საქართველო უფრო ევროპული ქვეყანაა, იგი აზიაში უფრო მდებარეობს, მაგრამ, იცით რა, ეს კონტინენტების გამყოფი ხაზები ძალიან წარმოსახვითია, ამიტომ კულტურაზე გავამახვილებ ყურადღებას. ამ თვალსაზრისით საქართველო უფრო ევროპასთანაა ახლოს, ამას განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: რელიგია, კულტურა, როგორ გამოიყურებიან ადგილობრივები – ეს ერთ-ერთი მნიშნელოვანი ასპექტია ამ საკითხში. მე ვხედავ საკმაო მსგავსებას ჩემს მშობლიურ ქვეყანას, არგენტინასა და საქართველოს შორის, მაგალითად, მყარი ოჯახური კავშირები, ხშირი შეხვედრები ნათესავებთან, აგროსფეროში ჩართული მოსახლეობის ჩართულობის რაოდენობა, პატარა სოფლები ქალაქგარეთ და ა.შ.
ჩემი ყურადღება მიიპყრო თქვენმა ენამ. ,,კარტული“ ისეთი ძველი და უნიკალურია, მისი ანბანი 14 უძველესს შორისაა. დავაკვირდი და ჩემს მეგობრებსაც გავუზიარე ეს აღმოჩენა, რომ ასოებს, რომლებსაც ვხედავდი ძველი ეკლესიის კედლებზე ან სასაფლაოს ქვებზე, ქართველები დღემდე იყენებენ. იგივე ასოები მხვდებოდა სავაჭრო ცენტრებში, კაფეებსა თუ ტრაფარეტებზე. ამან აღმაფრთოვანა, როგორც ჩანს, ენა თქვენი იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ახლა რასაც ვიტყვი, არ იფიქროთ იმიტომ ვამბობდე, რომ ქართველს ვესაუბრები, გულწრფელად ვაღიარებ, ჩემი შვიდწლიანი მოგზაურობის პერიოდში აღმოჩენილი ქვეყნებიდან საქართველო ჩემი ერთ-ერთ ფავორიტი ქვეყანაა.

ესაუბრა ნათია ბოტკოველი