გზა ევროპისკენთვითმმართველობასტატიები

რას გულისხმობს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა

საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. 
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია რეგიონული განვითარების პოლიტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე, რეგიონული პოლიტიკის მეთოდების ფორმულირებასა და იმპლემენტაციის საკითხებზე. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა გულისხმობს ორმხრივ ან სამმხრივ სამეზობლო ურთიერთობებს საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრების ორივე მხარეს არსებულ ადგილობრივ სოციუმებსა და ხელისუფლებას შორის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამის EaPTC მმართველი ჯგუფის ხელმძღვანელის მოსაზრებით, საზღვრისპირა თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს საზღვრისპირა რეგიონების დაახლოებასა და გაძლიერებას. ნატალია ალხაზიშვილის თქმით, საერთო პრობლემების მოგვარებისთვის ადგილობრივი თემების ერთობლივი მუშაობა ევროკავშირში ინტეგრაციის ძირეულ იდეას ეხმიანება.
,,ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელება დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ ეს დაეხმარება კეთილმეზობლური კონტაქტების გაფართოებას და გაძლიერებას აზერბაიჯანის და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებს შორის, რაც თავის მხრივ მათი სოციალური და ეკონომიკური განვითარების საწინდარია“, – განუცხადა knews.ge-ს ალხაზიშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი დომინიკ პაპენჰაიმი აცხადებს, რომ პროექტების მიზანია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად ადგილობრივი თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
,,ევროკავშირს შემოაქვს გამოცდილი წარმატებული თანამშრომლობის მოდელი საქართველოს-აზერბაიჯანის მოსაზღვრე ტერიტორიებზე – სხვადასხვა ქვეყნის ხალხების დაახლოება კონკრეტული საერთო მიზნისთვის სწრაფვა ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, – განუცხადა knews.ge-ს დომინიკ პაპენჰაიმ.
საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო. წელს, 6 ტრანსასაზღვრო პროექტიდან 2 კახეთის რეგიონში განხორციელდება, რისთვისაც ევროკავშირმა 1 მილიონ 350 ათასი ევრო უკვე გამოყო. ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ აღნიშნული პროექტები სხვა თემებისა და მუნიციპალიტეტებისთვის იქნება კარგი მაგალითი, რათა ჩაერთონ მსგავს კოოპერაციაში საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობისათვის. ერთ-ერთ პროექტს, რომელიც საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობას განსაზღვრავს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო აზერბაიჯანის ქალაქ შეკთან ერთად განახორციელებს. მისი მიზანი ახალგაზრდების დასაქმება და მათთვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იქნება.
,,პროექტი მოიცავს კახეთის რეგიონის და აზერბაიჯანის ქალაქ შეკის როგორც სასაზღვრო რეგიონების დაახლოებას. პროექტი ,,დასაქმების უნარების განვითარება“ შეკისა და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ითვალისწინებს უმუშევრობის დონის შემცირებას. იგი ძირითადად მოიცავს სწავლებას და იმ უნარების განვითარებას, რომელიც საჭიროა ახალგაზრდებისთვის პოტენციურ დამსაქმებელთან ურთიერთობისას“, – აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას პროექტის ხელმძღვანელი, გელა აზიკური.
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნულმა საგრანტო პროექტებმა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთო გამოწვევებთან გამკლავებას და სასაზღვრო ტერიტორიების განვითარებას ახალი შესაძლებლობა მისცა.
,,ტრანსსასაზღვრო პროგრამა მიზნად ისახავს საზღვრებზე მცხოვრები მოსახლეობის ურთერთდამეგობრებას. პროგრამა მოიცავს იმ ელემენტებს თანამშრომლობისა რომელიც დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებს შორის. პროგრამა დამყარებულია პარტნიორობაზე, ანუ ამ პროცესში აუცილებელია იყოს ერთი ქართული და მეორე აზერბაიჯანული მხრიდან პარტნიორი ორგანიზაცია“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამის მმართველი ჯგუფის ხელმძღვანელი ნატალია ალხაზიშვილი.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.