სტატიები

სოფელ ვაჩნაძიანში დაყენებული ღვინო ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება

მარნის მფლობელი მიხეილ დოლიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პროდუქციის ექსპორტის საკითხზე მოლაპარაკებები აშშ-სა და იაპონიასთან მიმდინარეობს. 
მიხეილ დოლიძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მარანში ქისის, მცვივანის, ჩიტისთვალას, ხიხვი-ქისის, მწვანე-ქისის და ერეკლეს ღვინოს აწარმოებენ. მისივე ინფორმაციით, წარმოების მთავარი მიმართულება ძველი ქართული ჯიშების აღდგენაა. 
,,2014 წლის დეკემბერს ხუთმა მეგობარმა ექიმმა გადავწყვიტეთ, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში გვეცადა ბედი. დიდი სურვილი გქონდა, რომ ეს საქმე დაგვეწყო. რამდენიმეს კი უკვე ამის გამოცდილებაც ჰქონდა. თავიდანვე ავირჩიეთ რამდენიმე პრინციპული მიმართულება: ძველი და მივიწყებული ქართული ჯიშების აღორძინება, სხვადასხვა რეგიონის ჯიშების გაშენება კახეთში, კლასიკური და კარგად გავრცელებული კახური ჯიშების გამოყენება, ორგანული მევენახეობის დაწყება და მეღვინეობა. 2016 წელს პირველი მოსავლისგან დამზადდა: ქისი, მცვივანი და ჩიტისთვალა. 2017 წლის მოსავლისგან კი ქისი, მცვივანი, ჩიტისთვალა, ხიხვი-ქისი, მწვანე-ქისი და ერეკლეს ღვინო. ღვინის დაყენებისას ვიცავთ ტრადიციულ პრინციპებს. ღვინო მზადდება ქართული ტრადიციული წესით, ქვევრში. ამ დროს განსაკუთრებულ ყურადღება ექცევა ჰიგიენას. ხშირად მივმართავთ ჯიშების კომბინაციას, ერთად დადუღების (სეპაჟის) გზით. 2018 წელს პირველი პარტია ევროპულ ბაზარზე გავა. ძალიან საინტერესოა აშშ და იაპონია და ამაზეც ვმუშაობთ’’,- განუცხადა knews.ge-ს მიხეილ დოლიძემ. 
მეღვინე ამჟამად 8 ჰექტარზე გაშენებულ ვენახს ფლობს, სადაც რქაწითელის, საფერავის, ქისის, ხიხვის, კახური მწვანეს, კახური მცვივანის, თეთრი (კახური) ჩიტისთვალას, ჩინურის, ძაგანიძის შავის, ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ვაზია გაშენებული. მიხეილ დოლიძის თქმით, პროდუქცია ამ ეტპაზე ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. 
,,გვაქვს სხვადასხვა ჯიშის ვაზი გაშენებული. წელს ვაპირებთ რამდენიმე ჯიშის დამატებას – გრძელმტევანა, სიმონასეული, ჩხავერი, წულუკიძის თეთრა. ღვინოს მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან ვაწარმოებთ. ჩვენი ღვინო იყიდება რამდენიმე მაღაზიაში და ღვინის ბარში. ბაზარზე დიდი კონკურენციაა და იქ შეღწევაში ის ჯილდოები დაგვეხმარნენ, რომლებიც „კასრელის“ ღვინოებმა ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვეს. მაღაზიები და ღვინის ბარები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, გვეხმარებიან ღვინის პოპულარიზაციაში. კონსულტაციებს ბევრ ისეთ საკითხზე გვიწევენ, რომელიც ჩვენნაირ დამწყებ კომპანიას შეიძლება გათვალისწინებული არ ჰქონდეს’’,- განუხადა  vino.ge-ს მიხეილ დოლიძემ. 
მიხეილ დოლიძე ამბობს, რომ საოჯახო მარანში დასაქმებული პერსონალის მთავარი პრობლემა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ნაკლები გამოცდილება და აკადემიური განათლების არქონაა. ის დარგში შექმნილ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით კანონი და რეგულაციები უნდა დახვეწოს. 
,,გაუაზრებელი რეგულაციებია და ხშირად ჩარევები სახელმწიფოს მხრიდან. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების შეჩერება. ამან სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა და ვენახის ნაწილი გაშენებული გვაქვს ფაქტიურად ისეთ მიწაზე (იჯარით), რომლის ჩამორთმევის საშიშროება შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს. გარდა ამისა, თავად ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი არ ექცევა საკუთარ საქმეს სათანადო კეთილსინდისიერებით. ბევრია ფალსიფიცირებული და უხარისხო ღვინო, რომლის ნაწილიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება ან ექსპორტზე გადის და სახელს უფუჭებს ქართულ ღვინოს. “კასრელის” მთავარი სირთულე მაინც ის არის, რომ ჩვენ არაპროფესიონალები ვართ და გზადაგზა ბევრი რამის სწავლა გვიწევს’’,- აღნიშნავს მიხეილ დოლიძე.