ახალი ამბები

პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეჭრილ შეიარაღებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „რეგინფო“ ავრცელებს. შეიარაღებული პირი ბაკურციხეში დააკავეს. გურჯაანის რაიონული სასამართლომ დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 25 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება. გამოცემის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში შეჭრისას კაღაშვილს სანადირო თოფი ჰქონდა, რომლის გამოყენებითაც, მოკვლის მუქარით, მორიგე პოლიციელისგან საცავის გახსნას და ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემას ითხოვდა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.
„რეგინფოს“ ცნობით, მორიგე პოლიციელმა დავით ფურცელაძემ შეიარაღებული პირი დაარწმუნა, რომ ჩალაუბნის განყოფილებაში იარაღის საცავი არ ჰქონდათ, არსებული იარაღი კი პატრულ-ინსპექტორებს ჰქონდათ გატანილი. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციის განყოფილება რამდენიმე წუთის შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც მორიგე თანამშრომელმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეიარაღებული პირი სოფელ ბაკურციხეში, ავტოგაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე გაჩერდა და იქ მყოფ პირებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 
როგორც knews.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გურამ კაღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ძარცვას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და გულისხმობს იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვას, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით.
ძარცვა ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მეორე დანაშაული კი 11-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.