გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამომრჩეველს ანგარიში ჩააბარა
ანგარიშში საუბარია ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის. კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ. სონღულაშვილის განცხადებით, 2018 წელი იქნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მმართველობის რეფორმების წელი.
„არ დარჩენილა ქალაქისა და სოფლების უბნები, მცირე დასახლებები, ვენახები და ბაღები, საწარმოები თუ მცირე მარნები, სადაც ამ ერთი წლის განმავლობაში არ შეხვედრივართ. გავიცანი უამრავი ადამიანი და შევეცადეთ, ერთად მოგვეგვარებინა ის პრობლემები, რომელიც როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ცალკეული ოჯახების წინაშე იდგა. ამიტომაც უფრო მეტი შემართება და, შესაბამისად, უფრო მეტი წარმატება იყო, ვიდრე მარცხი. ჩვენი ხალხი ელოდება ცვლილებებს, ელოდება სწრაფ განვითარებას, ელოდება, რომ არცერთი მათგანის სატკივარი, პრობლემა თუ უბრალოდ წამოჭრილი საკითხი ყურადღების გარეშე დარჩება. ამ საქმეში ჩვენ ვართ ერთი გუნდი“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მან რეკომენდაციით მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ თანამშრომლებს, მოსახლეობასთან უფრო მეტი კუმინიკაცია ჰჰქონდეთ.
„ჩემი თხოვნა იქნება მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლების, არჩეულებისა და დანიშნულების მიმართ: ნუ ჩაიკეტებით კაბინეტებში, ნუ დაელოდებით მოქალაქეების მოსვლას და მათი საკითხების დაგვიანებით გაცნობას. მიდით ყველგან თავად იქ, სადაც შეიძლება იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, იქ, სადაც ადგილზე გაეცნობით მათ საჭიროებებს, მიდით იქ, სადაც მათ ჭირდებით. მიდით და გადაწყვიტეთ ყველა საკითხი ადგილზე. არ დავტოვოთ ჩვენი არცერთი მოქალაქე თავის პრობლემებთან მარტო“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ანგარიშში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობაზე. დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, დეუტატის ბიუროს ორგანიზებით გურჯაანში შეიქმნება საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ფერმერებს დახმარებას გაუწევენ. გურჯაანის მაჟორიტარი დეუტატი ახალგაზრდებსაც მიმართავს და ურჩევს, რომ საფუძვლიანად განიხილონ გურჯაანში საქმიანობისა და კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.
„ცვლილებები, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პერსპექტიულ წინაპირობებს ქმნის ახალგაზრდებისთვის, რომ მიღებული თეორიული ცოდნა და განათლება. პრაქტიკულ საქმიანობაში გამოცადონ ჩვენთან. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერ პროგრამებს და ინვესტორების ინტერესების სფეროებს“, – ამბობს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი.
ანგარიშში, ასევე, საუბარია 2018 წლის დაგეგმილი პროექტების შესახებ.
”ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელს დაასრულებს სავენახე ფართობების ინვენტარიზაციას, დაგეგმილია ადგილწარმოშობის ზონების შევსება ახალი დასახელებებით. საჯარო რეესტრის სააგენტო უმოკლეს ვადებში დაასრულებს პროექტს „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის – საქართველოს ორთოფოტო“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთელი ტერიტორიის ერთიანი აეროფოტო გადაღება მოხდება. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება და ერთიანი ორთოფოტო სურათის შექმნა ქვეყანაში პირველად ხორციელდება.
ამის პარალელურად, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ საპილოტე პროექტი, რომელიც მიწის ბაზრის განვითარების ითვალისწინებს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, ყველა მიწის ნაკვეთის სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე რეგისტრაციას გულისხმობს. პროექტი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება“, – განაცხადა სონღულაშვილმა.