ახალი ამბები

UNDP – ქალები საქართველოში დიდი და გამოუყენებელი რესურსია ეკონომიკაში

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მთავარ გამოწვევას ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. 
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებისა და ინიციატივების მიმოხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. 
საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილის, შომბი შარპის თქმით, საქართველოში 40%-ზე მეტი ქალი ეკონომიკურად არააქტიურია, ხოლო დასაქმებული ქალები კაცებზე საშუალოდ 35%–ით ნაკლებ ხელფასს იღებენ. 
,,აბსოლუტურად ცხადია, რომ საქმე გვაქვს უზარმაზარ გამოუყენებელ რესურსთან, რომლის ეკონომიკაში ჩართულობა, შესაძლოა, ქვეყნის წინსვლასა და კეთილდღეობაზე ძალიან დადებითად აისახოს. მისასალმებელია ის, რომ საქართველოს უკვე აქვს საამისო სოლიდური საკანონდებლო და ინსტიტუციური საფუძველი. ამ კვლევამ გამოააშკარავა ის საჭიროებები და შემდგომი ნაბიჯები, რომელიც ახლა უნდა გადავდგათ, კერძოდ, ხელი შევუწყოთ უფრო ეფექტიანი ნაციონალური პოლიტიკის შემუშავებასა და დანერვას, საჯარო უწყებების, საერთაშორისო დონორებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საფუძველზე“, — აღნიშნა შარპმა.
კავშირ “საფარის” მკვლევარის, ქარისტინა მარგველაშვილის განცხადებით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არ წარმოადგენს სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ნაწილს. მარგველაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებას არ განუხორციელებია არც ერთი პროგრამა, რომლის მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება იქნებოდა. კავშირ “საფარის” კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ სოფლის მეურნეობის პროექტებში აშკარად შეიმჩნევა გენდერული დისბალანსი. კვლევის მიხედვით, 2015 და 2016 წლების მონაცემებით, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის გაცემული გრანტების ბენეფიციართა 40% ქალია, თუმცა ქალებს პრივილეგია აქვთ მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზესში. კვლევის შედეგებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობაშიც ქალთა ნაკლები ჩართულობა შეინიშნება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1538 კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელშიც 13677 პირია გაერთიანებული, აქედან ქალი მხოლოდ 3674-ია.