სტატიები

რა პრობლემების მოგვარებას სთხოვენ ახმეტელები ახალ ხელისუფლებას?

მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი 2014 წლის მოწვევის საკრებულომ შენიშვნებით მერიას ნეომბერში დაუბრუნა. 
ახმეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი 7 800 000 ლარით განისაზღვრება. მარინა მაისურაძე აღნიშნავს, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი განათლება და სოციალური სფერო იქნება. 
,,2017 წლის ბიუჯეტი 7 624 ათასი ლარი იყო, მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 200 00 ლარით იზრდება. ბიუჯეტის პრიორიტეტები იქნება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკოლამდელი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის ამაღლება, კულტურისა და სპორტის განვითარება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“, – განუცხადა knews.ge–ს მარინა მაისურაძემ. 
ახმეტელები ადგილობრივ ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისას დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის შეკეთებას სთხოვენ. ადგიოლობრივები ამბობენ, რომ ორი წელია, რაც ქუჩები გადათხრილია და გადაადგილება უჭირთ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე ავტომობილების მძღოლებს. 
„ახმეტაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთ–ერთი მთავარი დაზიანებული გზებია. ვერიდები ქალაქში მანქანით გამოსვლას, რადგან თითქმის ყოველ 20 მეტრში ორმოებია და მანქანა მიფუჭდება. გზები ორი წლის წინ გადათხარეს, მაგრამ მდგომარეობა უცვლელია. გზა მხოლოდ ერთი ქუჩის ნაწილზე დააგეს“, – ამბობს knews.ge–სთან საუბრისას ახმეტაში მცხოვრები ზაქრო ვალაშვილი. 
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა, ახმეტელები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ სოციალური მიმართულებით ადგილობრივ ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა გაითვალისწინოს. ისინი მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებისა და ძაღლების თავშესაფრის აშენების აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. 
„უნდა არსებობდეს რაიმე დაწესებულება, სადაც უპატრონო ძაღლებს წაიყვანენ. მაგალითად თბილისში არსებობს ასეთი დაწესებულება. როდესაც პრობლემაა, მოდიან და მიჰყავთ ეს ძაღლები. მე, მაგალითად, ღამე ძალიან მეშინია ქუჩაში გამოსვლის, რადგან საღამოს საათებში ძალიან ბევრნი არიან“, – აღნიშნავს ახმეტაში მცხოვრები იზა ვალაშვილი.
„ქალაქში მაწანწალა ძაღლების არსებობა ნებისმიერი მოქალაქისთვის და, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. არ არის აუცილებელი 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს მთლიანი თანხა ძაღლების თავშესაფრის აშენებისთვის, მაგრამ აუცილებელია, რომ თავშესაფრის აშენება დაიწყოს. ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარებისთვის ნაწილობრივ მაინც უნდა გამოყოს თანხა”, – აცხადებს ახმეტაში მცხოვრებმა დიმიტრი გაბრიელაშვილი. 
„რა თქმა უნდა ძაღლების პრობლემა აქტუალურია, მაგრამ, ასევე, ძალიან დიდი პრობლემაა მუნიციპალური ტრანსპორტი. მნიშვნელოვანია, რომ ამოქმედდეს კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის ტრანსპორტი. ამისთვის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა უნდა გამოყოს. მაგალითად, ზამთარში, საღამოს 6 საათის შემდეგ, თელავიდან ახმეტაში და, განსაკუთრებით, ახმეტის სოფლებში წამოსვლა ძალიან ძნელია. საღამოს საათებში სამარშრუტო ტაქსები აღარ მოძრაობს“, – აცხადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მცხოვრები თენგიზ ქავთარაშვილი. 
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ახმეტის მერმა საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს.