ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიურომ მუშაობა განაახლა
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი კახეთში ბექა ექსეულიძე იქნება. მისი განცხადებით, არასამთავრობო სექტორთან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საჯარო სკოლებთან აქტიურად ითანამშრომლებს.
,,პირველი შეხვედრები უკვე გავმართეთ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, საინტერესო საუბრები გვქონდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან. შეხვედრებზე განვიხილეთ ქალაქში არსებული გამოწვევები”, – განუცხადა knews,ge-ს ბექა ექსეულიძემ.
მისივე ინფორმაციით, თელავში ევროპული კლუბის ჩამოყალიბება იგეგმება.
,,ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება რეგიონის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან. მინდა, რომ ყველა მხარე აქტიურად ჩაერთოს და მხარი დაგვიჭიროს ერთობლივი საქმეების განხორციელებაში”, – აღნიშნა ექსეულიძემ.
9 დეკემბერს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი გეგმავს შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.
შეგახსენებთ, რომ ცენტრის კახეთის ბიუროს 2 წლის განმავლობაში საქმიანობა შეწყვეტილი ჰქონდა.