ხილის, წვენისა და სხვა პროდუქტების რეგლამენტი დამტკიცდა
აღნიშნული რეგლამენტი მიზნად ისახავს ხილის წვენის, ხილის ნექტარის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტებისათვის წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. რეგლამენტი, ასევე, ადგენს მოთხოვნებს აღნიშნული პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობების შესახებაც და აკონკრეტებს მარკირებისა და ეტიკეტირების შესახებ ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.
„რეგლამენტის თანახმად, თუ ხილის ნექტარში შაქარი ბუნებრივად არსებობს, ეტიკეტზე განთავსებული უნდა იქნეს ინფორმაცია: „შაქრის გარეშე“ ან/და „დამატკბობელის გარეშე“ ან „შაქრის ბუნებრივი შემცველობით“; ხილის წვენის ეტიკეტზე ტერმინები „სუფთა“, ან/და „100 %-იანი“ კი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხილის წვენი არ შეიცავს არანაირ დანამატებსა და ინგრედიენტებს, მათ შორის, ასკორბინის მჟავას და წარმოდგენილია მხოლოდ ხილის წვენით და სხვ.”, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
რეგლამენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ევროკომისიის ვალდებულებისა და CODEX ALIMENTARIUS-ის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა. ახალი დადგენილება ძალაში 2018 წლის 1-ლი ივლისიდან შევა.