ბლოგები

„კულტურა და ასაკი“

ანა მარგველაშვილის ბლოგი

ბოლო დროს ძალიან მენატრება ჩემი დიდედა და ბევრს ვფიქრობ მასზე. ძალიან კარგი თერაპევტი იყო, მთელი ცხოვრება იმუშავა, ხშირად საკმაოდ რთულ პირობებში მაგ. სოფელ ნუკრიანში და ნაფარეულში, სადაც სრულიად ახალგზარდა გაამწესეს მეორე მსოფლიო ომის წლებში. მისი მადლიერი პაციენტები სოფლად დღესაც მხვდებიან ხოლმე. მერე ძალიან დიდხანს თბილისში, მე-9 პოლიკლინიკაში მუშაობდა.  დამოუკიდებელი  ქალი იყო,  ქმარი ახალგაზრდას მოუკვდა. მიუხედავად დიდი ოჯახისა, მარტო ცხოვრობდა და მგონი, ასეც უნდოდა – თავისთვის ყოფნა. პენსიაში რომ გავიდა, ნელ-ნელა თითქოს მოიწყინა. თავს მარტოდ და უსარგებლოდ გრძნობდა. მირეკავდა, დახმარებას მთავაზობდა, მე კი რაღაცნაირად სულ მეჩქარებოდა, არასოდეს არ მეცალა …  დღემდე საშინლად ვნანობ, უარს რომ ვეუბნებოდი ჩემთვის „პეროგი“ გამოეცხო, ან სახლის დალაგებაში დამხმარებოდა. ვითომ ისეთი ყოჩაღი ვიყავი  –  მას როგორ შევაწუხებდი. როგორ ვერ მივხვდი მაშინ, რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა მისთვის ჩემს თხოვნას: დიდედ, დამეხმარე რა! ეგებ ჩემთან მოხვიდე –  ძალიან მჭირდები. ახლა, როცა ჩემს გვერდით აღარ არის, ხშირად ვფიქრობ, რამდენი რამე ვერ ვკითხე, რამდენი ამბავი ვერ მოვისმინე და რამდენი რამე ვერ ვისწავლე მისგან.

* * *

რამდენიმე ხნის წინ ერთი გერმანული წიგნის კითხვა დავიწყე  „კულტურა და ასაკი“.  წიგნის მთავარი გამჭოლი თემა დემოგრაფიული ცვლილებები და ე.წ. საზოგადოების „დაბერებაა“. ისმის კითხვა: როგორი უნდა იყოს ამ ახალი რეალობის შესაბამისი (კულტურის) პოლიტიკა? მიდის მსჯელობა – სერვისების ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის ასაკოვანი ადამიანების, პენსიონერების ჩართულობის საკითხებზე. „ასაკი ახლა აქტუალური თემაა. კულტურის პოლიტიკოსები, სოციოლოგები, ეკონომისტები, პოლიტიკოსები მიხვდნენ, რომ დემოგრაფიული ცვლილებები, თავისი თანმდევი შედეგებით – გაზვიადებული ხედვა კი არა უკვე დიდი ხანია – რეალობაა“ ვკითხულობთ შესავალში. წიგნის შინაარსს, მიდგომებს, დაკვირვებას, სტატისტიკებს, რეკომენდაციებს აქ არ მოვყვები, რადგან მთავრი ჩემთვის არა წიგნის შინაარსი (რომელიც, ცხადია ძალიან საინტერესოა) რამედ თავად ის ფაქტია,  რომ კერძო თუ სახელმწიფო დონეზე სპეციალისტები, გადაწყვეტილების მიმღები პირები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები ფიქრობენ, როგორ აუწყონ ფეხი თანამედროვე გამოწვევებს  და როგორ შექმნან ამ გამოწვევების შესაბამისი პროგრამები:

–         იმისთვის რომ, ადამიანს შეეძლოს, პენსიაში გასვლის შემდეგ უცებ გამოთავისუფლებული დრო  აზრიანად,სავსედ და საინტერესოდ გაატაროს;

–         იმისთვის რომ, მოქალაქეს ღირსეული სიბერე ჰქონდეს და თავი გარიყულად არ იგრძნოს;

–         იმიტომ რომ,  სახელმწიფოს მოვალეობაა სხვადასხვა  სოციალური ჯგუფების სპეციფიკური პრობლემების გათვალისწინება, მათთვის შესაბამისი, სასურველია მრავალფეროვანი, სერვისების მიწოდებაზე ზრუნვა.

–         და რაც მთავარია, იქ, ევროპაში, იციან, რომ  სამართლიანი და თანასწორობის პრინციპზე აგებული (კულტურის) პოლიტიკა არცერთ ჯგუფს არ უნდა რიყავდეს, არ ტოვებდეს უყურადღებოდ და,  მოქალაქეებს,  მათ შორის ხანდაზმულებს, – მათთვის საინტერესო მომსახურებას  სთავაზობდეს.

მაგ. გერმანიის ქალაქ ესსენის (და არა მარტო ამ ქალაქის) ვებ-გვერდზე ცალკე განყოფილებაა: კულტურა, განათლება და თავისუფალი დროის გატარება პენსიონერებისთვის. აქ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ღონისძიებაზე იწვევენ, ზოგი ფასიანია, ზოგიც უფასო. პენსიონერებს სხვადასხვა მუნიციპალურ ცენტრებშიც აქვთ თავისუფალი დროის საკუთარი ინტერესების შესაბამისად გატარების საშუალება:  „ძვირფასო პენსიოენერებო, გვიხარია, რომ ინტერესდებით ჩვენი კულტურული, საგანმანათლებლო და თავისუფალი დროის გატარების პროგრამებით. ჩვენ, ყველანი დავბერდებით – თუმცა ნამდვილად სხვაგვარად ვიდრე 50 წლის წინ . . .  ჩვენი პროგრამებით ხელი გვინდა შეგიწყოთ, რომ თქვენ უფრო დიდხანს იყოთ მხნედ და აქტიურად…“  ვკითხულობთ იქვე.

ამ მასალის კითხვის დროს კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩემი გერმანელი ნაცნობები, პენსიაში რომ გავიდნენ და ახალი, საინტერესო ცხოვრება დაიწყეს. როგორ მოგზაურობენ, სწავლობენ ხელობებს და ენებს, ეუფლებიან ახალ ცოდნას და ჩართულები არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში („ძლივს მოვიცალე ჩემი ჰობისთვის“), გთავაზობენ საკუთარი ცოდნის გაზიარებას, დახმარებას.

თავის მხრივ ინსტიტუციურ დონეზეც პენსიონერი მოქალაქეების მდიდარი გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენების არაერთი შესაძლებლობა არსებობს. ამის ერთ კარგ მაგალითად მახსენდება ასევე გერმანული ორგანიზაცია  „Senior Experten Service“ (სენიორი ექსპერტების სერვისი).  ეს ორგანიზაცია  1983 წლიდან არსებობს. იგი წევრებად სხვადასხვა დარგის პენსიონერ სპეციალისტებს აერთიანებს, რომლებსაც კიდევ აქვთ აქტიური პროფესიული ცხოვრების სურვილი და გამოცდილების სხვდასხვა ქვეყანაში გაზიარების ხალისი. თავისი არსებობის მანძილზე ორგანიზაციამ 40000 ზე მეტი მოხალისე-სპეციალისტი მიავლინა 160 ქვეყანაში. ყველაზე დიდი მოთხოვნა სენიორ-ექსპერტებზე კი თავად გერმანიაშია. ამ ორგანიზაციას ნაწილობრივ ბიზნესსექტორი, ნაწილობრივ კი სახელმწიფო (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო) აფინანსებს.  „მომავალს სჭირდება გამოცდილება!“ ესაა სენიორ-ექსპერტების გაერთიანების დევიზი.  სახელმწიფოც აფასებს საკუთარი მოქალაქეების გამოცდილებას,   მათ წვლილს ქვეყნის განვითარებაში და  საინტერესო ცხოვრების გაგრძელების ასეთ საშუალებას სთავაზობს.

არა მარტო ამ წიგნის და დიდედას მონატრების გამო, ისედაც  ხშირად  მიფიქრია ხანდაზმულობაზე.   რაც ევროპაში ყოფნისას სულ თვალში მხვდება და მაფიქრებს, სწორედ  ეს მოვლენაა: სიბერე. აქ ადამიანები რაღაცნაირად მშვიდად, მხნედ ბერდებიან. განსაკუთრებით ქალებს ვაკვირდები ხოლმე. როგორი მოვლილები არიან, როგორ სეირნობენ, მოგზაურობენ, ერთობიან, დადიან კონცერტებზე, თეატრებში, ჩართულები არიან ქალაქის, საზოგადოებრივ თუ სათემო ცხოვრებაში. ჩვენთან კი რაღაცნაირად დაღლილი და ქანცგაწყვეტილი ბერდები. თითქოს შენი ადგილი არსად აღარ არის, აღარც თავი გაქვს, არც ენერგია და ხალისი. შენთვის უკვე ნაკლებად სცალიათ; ქვეყანასაც თითქოს აღარ სჭირდები. განზოგადებას არ ვცდილობ. ჩემს გარშემო მაგალითებს ვეყრდნობი: ქალაქში და სოფლადაც. თან მინდა რომ ეს ასე არ იყოს. ეგებ ვცდები კიდეც. მინდა ვცდებოდე.

მინდა ჩვენთანაც, ხანდაზმულებს უფრო  მეტად ვაფასებდეთ და მათ პენსიაში გასვლის შემდეგ საინტერესო, აზრიანი ცხოვრების შესაძლებლობას ვთავაზობდეთ. ვიცი ეს გაცილებით  უფრო  რთული  და კომპლექსური საკითხია, ვიდრე  ჩემმა ფრაგმენტულმა ფიქრებმა შეიძლება ასახოს, მაგრამ თუნდაც ფრაგმენტული ფიქრებით რომ დავიწყოთ, ეგება მერე გამოსავალიც მოვიფიქროთ ნელ-ნელა.

***

სწორედ ამ ფრაგმენტული ბლოგის წერის დროს, რომელიც ბოლო კვირებია ბევრჯერ გადავდე, მერე, მგონი, ვერ შევკარი, მოკლედ, რომელმაც რატომღაც გამაწვალა, მივიღე ჩემი მეგობრის, ნანა ბაგალიშვილის ე.წ. გამოწვევა, ჩავრთულიყავი სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიაში, სახელად „გამოიყვანე“:  „შემოუერთდი კამპანიას, მიაწვდინე ხმა შენს მეგობრებს, მოვუწოდოთ ყველას გამოიყვანონ გარეთ ბებიები, ბაბუები, მშობლები, ისინი, ვისი ნახვაც გაგვიხარდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.“  ჰოდა, მივიღე გამოწვევა (ანუ, მინდა ჩავერთო), და ვეცდები მეტი ვიკითხო, მეტი ვწერო, მეტი ვიმუშაო მუნიციპალურ დონეზე ხანდაზმულებისათვის სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

P.S. ერთი ამბავი გამახსენდა: წლების წინ ჩემს 85 წლის მამასთან ერთად აღმაშენებელზე მივდიოდით; მაშინ რეაბილიტაცია მიმდინარეობდა და გადათხრილი იყო ყველაფერი. ძლივძლივობით ვიკვლევდით გზას ქვიშის და ქვა-ღორღის ოკრო-ბოკროებში და ტროტუარზე ავედით, სადაც მანქანა ისე იყო ჩახერგილი, ადამიანი ვერ გაივლიდა. მძღოლს, ახალგაზრდა კაცს,  ვთხოვე გაეწია მანქანა, ან ისე დაეყენებინა, რომ ადამიანს და მით უმეტეს მოხუცს ყავარჯნით  გავლა შეძლებოდა, რაზეც ძალიან აგდებულად და უხეშად მიპასუხა, მოხუცი თუა სჯობს სახლში დაეტიოსო. კიდევ კარგი, მამაჩემმა ვერ გაიგო, ალბათ ძალიან ეწყინებოდა. მე იმ წუთას სასოწარკვეთისგან ვერაფერი ვუპასუხე.  ჰოდა, ალბათ მარტო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა არ იქნება საკმარისი. როგორც ზემოთ დავწერე, საკითხი გაცილებით რთული და მრავალმხრივია.