კახეთში მზრუნველობა მოკლებული ახალგაზრდების ადვოკატირების კამპანია დაიწყო
პროექტი მიზნად ისახავს ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სათანადო გარემო პირობების შექმნას, მათ შემდგომ დასაქმებასა და განვითარებას. ადვოკატირების კამპანიაში ჩართულმა ორგანიზაციებმა თელავში კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოციალური განყოფილებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
კომპანია ,,ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთიერთობიის მენეჯერი ნინო სურმავა აცხადებს, რომ ადვოკატირების ახალი პროგრამა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ მოზარდებს და საოჯახო სახლებიდან გასულ 18 წლის ახალგაზრდებს დაეხმარება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, კვალიფიციური განათლების მიღებასა და შემდგომ დასაქმებაში.
,,ჩვენს ვიზიტს თელავში ჰქონდა ორი მიზანი: პირველი ის იყო, რომ ფონდ ,,ნატახტარში’’ თანხის შეგროვების ახალი ტალღის შესახებ გვეცნობებინა საზოგადოებისთვის და მეორე ფონდ ,,ნატახტარის’’ ახალი პროექტის წარდგენა საზოგადოებისთვის. ამ პროექტის განხორციელებით გვინდა დავეხმაროთ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს. ამ მიმართულებით საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა და სწორედ ამიტომ შევხვდით რეგიონის თვითმმართველობების სოციალური სამსახურების წარმომადგენლებს. დღეისთვის უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ 18 წელს მიღწეული მოზარდი არ ფლობს იმ უნარებს, რომელიც აუცილებელია დამოუკიდებელი ცხოვრების გასაგრძელებლად. მას არ აქვს პროფესია, რომ დასაქმდეს და შემოსავალი მიიღოს, რათა თავი ირჩინოს. ხშირ შემთხვევაში მათ არ აქვთ საცხოვრებელი სახლი და მოზარდი, რომელიც ტოვებს საოჯახო ტიპის სახლს, არსად წასასვლელი არ აქვს’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო სურმავამ.
ნინო სურმავას განმარტებით, დღეისთვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დასახმარებლად სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს. მისივე ინფორმაციით, ფონდი ,,ნატახტარი’’ ექვსი წელია ეხმარება მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებს. ფონდს ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში 15 ბენეფიციარი ჰყავს.
,,სახელმწიფო ან რომელიმე სხვა დაწესებულება არ ახორციელებს რაიმე სახის პროექტს ამ ახალგაზრდების დასახმარებლად. ფონდი ,,ნატახტარი” კი ახალგაზრდებს ეხმარება ხელობის შესწავლაში. ვიცით, რომ კოლეჯები არის უფასო, მაგრამ იქ საჭიროა სისტემატურად სიარული, საგანმანათლებლო მასალის ყიდვა და თუ ხელობას შეისწავლის ბენეფიციარი, საჭიროა მის გასაგრძელებლად იარაღების ყიდვა. სწორედ ამაში ეხმარება ფონდი მათ თავისი ფინანსური რესურსით. ამ 6 წლის მანძილზე, ახალგაზრდებთან მუშაობის კუთხით დაგვიგროვდა დიდი გამოცდილება, ვიცით სტატისტიკა და თითოეულ მუნიციპალიტეტში, რა რესურსები შეიძლება იყოს საჭირო და რამდენ მოზარდზე. ჩვენ მოზარდთან 15- დან 18 წლამდე ვმუშაობთ, შესაბამისად სამი წლის განმავლობაში მას ვიცნობთ და შეგვიძლია განვსაზღვროთ რისი შესაძლებლობა აქვს მას, რა ხედვები, სურვილები აქვს და რა პროფესია უნდა აირჩიოს. ვფიქრობთ ჩვენი და თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობა კარგ შედეგს გამოიღებს.”
ასოციაცია “ჩვენი სახლი – საქართველოს” წარმომადგენელი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების ადვოკატირების კამპანიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მანანა ომარაშვილის ინფორმაციით, ასოციაცია და ფონდი ,,ნატახტარი” მზად არიან მოზარდების ხელშეწყობის მიმართულებით წლების განმავლობაში დაგროვოლი ცოდნა და გამოცდილება თვითმმართველ ერთეულებს გაუზიარონ.
“ვფიქრობთ, რომ დადგა დრო თვითმმართველობები გააქტიურდნენ ამ მიმართულებით. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ადვოკატირების კამპანია. ეს გულიხმობს იმას, რომ გავაცნოთ თვითმმართველობას, საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა საჭიროებები აქვთ სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს. აღსანიშნავია, რომ 18 წლამდე ამ ბენეფიციარების განვითარებაზე სახელმწიფო დიდ რესურსს დებს, კერძოდ არსებობს ვაუჩერი და მცირე საოჯახო სახლებში ხდება მათზე ზრუნვა. 18 წლის შემდეგ კი წყდება, თუმცა კანონში სიახლეა და ზრუნვა 21 წლმდე გრძელდება იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა არის მინდობით აღზრდაში და განაგრძობს სწავლას. მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი ბავშვი რჩება ზრუნვის გარეშე, ამიტომ თვითმმართველობის ჩართვა ამ პროცესებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ორგანიზაცია და ფონდი ,,ნატახტარი’’ მზად არიან, გაუზიარონ გამოცდილება თვითმმართველობებს და ჩვენი რესურსები გავაერთიანოთ ამ პრობლემის დასაძლევად”,- განუცხადა knews.ge-ს მანანა ომარაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული ახალგაზრდების ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია სხვადასხვა პროგრამის განხორციელებ, რათა ახალგაზრდები ღია ცის ქვეშ სახლის გარეშე არ დარჩნენ და ამავე დროს მათ სრულფასოვნად შეძლონ საზოგადოებასთან ინტეგრაცია.
,,როცა ახალგაზრდები ზრუნვის პროგრამიდან გადიან, მათთვის ეს ძალიან მძიმე პერიოდია. აუცილებელია ადგილობრივი თვითმმარველობის როლის გაზრდა ამ ადამიანების ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ კარგია, როცა ამაში ბიზნესიაც არის ჩართული, მაგრამ თვითმმართველობამაც დროული სისტემური დახმარება უნდა განახორციელოს”, -განუცხადა knews.ge-ს საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონის” თელავის ოფისის ხელმძღვანელმა დავით ღონღაძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსი ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტს სისტემიდან გასული მოზარდები და ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები დახმარებისთვის არ მიმართავენ. გოჩა ყუშიტაშვილი მიუთითებს, რომ გამგეობა რამდენიმე ბენეფიციარს ახლაც ეხმარება და მზად არის სამომავლოდ ამ მიმართულებით გააგრძელოს აქტიური მუშაობა.
,,მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით გარკვეული დოზით იყოს ჩართული თვითმმართველობა, რომ არ გავზარდოთ უსახლკარო მომავალი. აღნიშნულ ბენეფიციარებს უნდა შეექმნათ საბაზისოდ რაღაც სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებას, რომ შეძლონ მუშაობა და თავის რჩენა. სამწუხაროდ ამ საკითხებზე ხშირად თვითმმართველობებს არ გვაყენებენ საქმის კურსში და არ მოგვმართავენ, რადგან ამ მიმართულებით ძირითადად სოციალური სამსახურები და სოციალური მუშაკები მუშაობენ. ჩვენი მუნიციპალიტეტი დახმარებია ახალგაზრდებს, რომლებიც საოჯახო ტიპის სახლებში არიან გაზრდილები. შალაურში გვყავს ასეთი სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული მარტოხელა დედა, რომელსაც ქირის გადახდაში ვეხმარებით. ყველა საკითხზე, რომელსაც ჩვენ მოგვმართავენ მზად ვართ დავეხმაროთ”.