საგარეჯოში ნუშის ბაღების გაშენება იგეგმება
კომპანიის წარმომადგენელის, ვახტანგ გოგალაძის თქმით, საგარეჯოსა და გარდაბანში პროექტის განხორციელებაში კომპანია 2017-2018 წლებში დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საუბარია, ჯამში, 1000 ჰექტარზე.
გოგალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში მსოფლიო ლიდერი, ესპანური სანერგე კომპანია „აგრომილორა ჯგუფი“ ჩაერთვება.
,,პროექტის ფარგლებში საქართველოში გაშენდება საგვიანო ჯიშის ნუშების ბაღები, სპეციალურად შერჩეული საქართველოს კლიმატისათვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ნერგები არის აგრომილორას პატენტი სუპერ ინტენსიური გაშენებისათვის. ტრადიციულ ბაღებთან შედარებით უფრო მეტი ნერგი ირგვება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია პლანტაცია მეორე წელსვე იწყებს მსხმოიარობას და სრულ მსხმოიარობაში შედის მე-4 წელს, როდესაც ტრადიციული გაშენების შემთხვევაში სრული მსხოიარობა იწყება მე-7 წლიდან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ინტენსიური ნუშის ბაღების მოვლა მოსავლის აღების ჩათვლით სრულად მექანიზებულია და ეს განაპირობებს მისი საოპერაციო დანახარჯების ეკონომიურობას ტრადიციულ მეთოდთან შედარებით. ყველა ეს პროდუქტი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, არის ჩვენს რეგიონში სიახლე და ძალიან საინტერესო უნდა იყოს პირველ რიგში კერძო სექტორისათვის და ასევე სახელმწიფოსა თუ სხვა დაინტერესებული პირებისათვის”, – განაცხადა ვახტანგ გოგალაძემ.