სტატიები

სადღესასწაულო კრეატიული დიზაინერული მომსახურება თელავში

იდეის ავტორი, დიზაინერი ხატია დაქიშვილი ამბობს, რომ მან ბიზნესსაქმიანობა 2014 წელს დაიწყო. დიზაინერი აღნიშნავს, რომ კომპანია საქმიანობა მოიცავს კრეატიული იდეებით სადღესასწაულო ღონისძიებების დაგეგმვას.
,,შპს ,,იქს დიზაინი” დაარსდა 2014 წელს.მომხმარებელს ვუწევთ დიზაინერულ მომსახურებას. ჩვენი საქმიანობა ძირითადად მოიცავს საქორწილო და სადღესასწაულო დიზაინის შექმნას. დიზაინი მოიცავს გარემოს, ეზოს, დარბაზების და მაგიდების გაფორმებას ყვავილებით და სანთლებით. ვაფორმებთ ყველა იმ დეტალით, რაც საჭიროა ღონისძიების გალამაზებისთვის და კარგი განწყობის შესაქმნელად”, – განუცხადა Knews.ge-ს ხატია დაქიშვილმა.
მისი თქმით, შეკვეთის მიღებისას მომხარებელი თავად ირჩევს ადგილს, სადაც სურს დიზაინერული გაფორმება. ხატია დაქიშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თელავისთვის სიახლეა მსგავსი სახის მომსახურების შეთავაზება, მოთხოვნა მაინც ყოველდღიურად მატულობს და მომხმარებლების სიმცირეს არ უჩივის.
,,როდესაც მომხმარებელი გვიკავშირდება, ის თავად ირჩევს ადგილს, სად სურს დიზაინერული გაფორმება და როგორი. ამის შემდეგ ვიწყებთ გეგმის შემუშავებას, ვამუშავებთ იდეებს და განვიხილავთ ყველა დეტალს, შემდეგ კი დამკვეთთან შეთანხმებით ვიწყებთ იდეის განხორციელებას. შემოქმედებითი გუნდი ყველა იდეაზე ერთობლივად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე მხოლოდ სამნი ვართ. რაც ყველაზე მთავარია და მოსწონს მომხმარებელს, სხვებისგან გამოვირჩევით თანამედროვე კრეატიული იდეებით და დიზაინერული ხედვით. რაც შეეხება მომსახურების ფასს, სხვადასხვაა და იდეის მიხედვით იზრდება ან კლებულობს. სასიხარულო ის არის, რომ მსგავს მომსახურებაზე მოთხოვნა ნელნელა მატულობს მიუხედავად იმისა, რომ ეს თელავისთვის ჯერ კიდევ სიახლეა. ამიტომ ჩვენც მუდმივად ვცდილობთ ახალი იდეები განვახორციელოთ და ამით გავალამაზოთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საღამო. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მომხმარებლის მადლიერებას იღებ შენი უზარმაზარი შრომის შედეგად”,- განაცხადა ხატია დაქიშვილმა.
დიზაინერი სამომავლოდ მომხმარებლებისთვის დამატებით სხვადასხვა სერვისის შეთავაზებასაც გეგმავს. ხატია დაკიშვილი უახლოეს ხანში საქმიანობის გაფართოვებას და თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას აპირებს.
,,სამომავლოდ გვინდა პროფესიონალთა დიდი დიზაინერული გუნდის ჩამოყალიბება, რათა შევძლოთ ვუზრუნველყოთ უფრო დიდი და ბევრი ღონისძიების დაგეგმვა და მცირე დროში დიზაინერული გაფორმება. ჩვენი ამჟამინდელი მისამართია ქალაქი თელავი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #8, თუმცა ნებისმიერ პირს შეუძლია ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მოგვწეროს ან დაგვიკავშირდეს ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 571 16 23 62”.