სტატიები

ეთნიკური თემში მცხოვრებთა ნაწილი მერობის კანდიდატებსა და პროგრამებს არ იცნობს

ისინი knews.ge-სთან საუბრებში აცხადებენ, რომ მათი ინფორმირების დონე დაბალია. სოფლის მაცხოვრებლების ნაწილი ჟურნალისტებთან საუბარს ერიდებიან. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ხმის მიცემას არ აპირებს, რომელსაც არჩვენების მიმართ ნაკლები ინტერესით ხსნის.

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი მერობის კანდიდატებს და საარჩევნო პროგრამებს არ იცნობს.

,,სოფლის პრობლემებით არავინ ინტერესდება. არჩევნებზე მოდიან და მხარის დაჭერას გვთხოვენ. არ ვიცნობ ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ციფრებით ვხვდები ვინ ვინ არის. ჯერ არვიცი საღამომდე წავალ თუ არა არჩევნებზე”, – ამბობს knews.ge-სთან აკიფ მუსტაფაევი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს ეთნიკურად დასახლებულ თემში ადგილობრივები ენობრივ ბარიერაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი განმარტავენ, რომ ენის არ ცოდნის გამო საარჩევნო პროგრამებს ვერ ეცნობიან. 

,,როდესაც მივდივართ უბანზე, მერე ვიგებთ ვისი არჩევნებია. უბანში ვგროვდებით და ერთად მივდივართ. სამ ბიულეტენზე თუ უნდა მიგვეცა ხმა პირველად ეხლა გავიგე. გამგებელიც თუ აღარ ერქვა არ ვიცოდი, ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ და საქონელს ვუვლით. არ ვიცი, სამ ბიულეტენი რისთვის არის. ვიცი, რომ 5 არის ნაციონალები და 41 ოცნება. მომავალმა გამგებელმა თუ მერმა ხალხზე უნდა იზრუნოს და ჩვენი პრობლემები მოაგვაროს. “, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ალმით იაგუბოვი.

ახმეტაში, პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის ინფორმაციით, გარდა იმისა რომ პროგრამებს არ იცნობენ, არჩევნებზე წასვლასაც ეჭვექვეშ აყენებს. 

,,ჩვენთან ძირითადად, აქტიურობს ორი პოლიტიკური პარტიის – ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამ დრომდე გადაწყვეტილი არ მაქვს ვის მივცემ ხმას, რადგან ყველას დაპირება დაპირებად რჩება. მართალია, არც საარჩევნო პროგრამებს ვიცნობ ამ დრომდე, მაგრამ არჩევნებზე ვფიქრობ, რომ არ წავიდე“, – ამბობს knews.ge-სთან ოსმან ალხანაშვილი.

იმის გამო, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და მთავრობამ მათი პრობლემების მოგვარებაზე არ იზრუნა, არჩევნებზე წასვლას არ აპირებს ლაგოდეხის სოფელ კაბალში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ არც მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს იცნობენ და არც მათ საარჩევნო პროგრამებს. 

,,წინასაარჩევნოდ მოდიან და გვპირდებიან პრობლემების მოგვარებას, თუმცა მათი იმედი აღარ გვაქვს. აღარც მათი დაპირებების მჯერა. არც არჩევნებზე წასვლას ვაპირებს’’, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ამიდულ სულეიმანოვმა.

საარჩევნო პროცესებში უმცი­რესობათა ინფორმირებულობის დონის გაზრდის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მესამე სექტორში. საქართველოს ახალგა­ზრდა იურისტთა ასოციაციის თე­ლავის ოფისის ხელძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ყოველი არჩევნების წინა პერიოდში აუცილებელია, ეთნიკურ უმცირეს­ობებისათვის ბიულეტენები და სხვა საარჩევნო მასალა დაიბეჭდოს მათ მშობლიურ ენაზე.

,,აზერბაიჯანულ ენაზე უნდა მომ­ზადდეს არა მარტო საარჩევნო–სააგიტაციო მასალები, არამედ ნორ­მატიული აქტებიც. ამ შემთხვევაში კომისიის წევრები და არჩევნების პროცედურებში ჩართული პირები შეძლებენ თავიანთ მშობლიურ ენაზე ამ მასალების წაკითხვას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთე­ბას. მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ გათვითცნობიერებული, რომ ხმის მიცემით მნიშვნელოვან ნაბიჯს დგა­მენ. მნიშვნელოვანია სოფლებში ად­გილზე შეხვედრები, იმიტირებული საარჩევნო პროცედურების გავლა ახალგაზრდებში, საარჩევნო მასალე­ბის დარიგება და სხვა მსგავსი საინ­ფორმაციო კამპანიების ჩატარება“, – აღნიშნავს მარეხ მგალობლიშვილი.