“კახეთში გადამუშავებულია 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი”
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში უკვე გადამუშავებულია 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და რთველის პროცესი აქტიურ ფაზაში ახლა შედის.
„წელს მევენახეობის მიმართულებით განსაკუთრებით კარგი კონიუქტურა გვაქვს, რეკორდულად მაღალია ღვინის ექსპორტის მონაცემები. ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ყურძნის ფასი იყოს მაღალი და მაქსიმალურად დაფასდეს მევენახეების შრომა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ რთველს ძალიან წარმატებით ჩავატარებთ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა რთველის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის, რაც ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გატარებული რეფორმის მნიშვნელოვანი მიღწევაა“ – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეობის მიმართულებით სუბსიდია აღარ გაიცემა.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სუბსიდიის გაუქმება მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„რთველი პირველად ტარდება სუბსიდიის გარეშე და ჩამბარებელი მეღვინე ზუსტად იმ ფასს უხდის მევენახეს, რაც არის რეალურად პროდუქციის საბაზრო ღირებულება. მე ვფიქრობ, რომ მეღვინეებსა და მევენახეებს, ასევე სახელმწიფოს შორის, რომელიც არის დარგში პოლიტიკის გამტარებელი, ეს კონსენსუსი შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო 2017 წლის რთველისთვის, არამედ ზოგადად დარგის ხანგრძლივი განვითარების პერსპექტივისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 13,2 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 4,7 ათას ტონამდე რქაწითელი, 6,5 ათას ტონამდე საფერავი, 750 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 11,6 მლნ ლარია მიღებული.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის 115 კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია ღვინის 54 ქარხანა.