სიღნაღში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდება
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა სოციალური საწარმო. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საწარმოების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. ფესტივალი სოციალურ მეწარმეთა ალიანსის ორგანიზებით ტარდება. ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების ჩართულობით საქართველოში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია.
“პროექტის მიზნებია ახალგაზრდების ცოდნის და უნარების გაუმჯობესება სოციალური მეწარმეობის და ღონისძიებების ორგანიზების საკითხებზე; სოციალური საწარმოების საქმიანობის და მათი პროდუქციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საწარმოების ეკონომიკური შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა, ახალგაზრდების როტაციის პრინციპით დასაქმება სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვების პროცესში, ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის სემინარების გამართვა”, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.
ფესტივალი გაიმართება სხვა ქალაქებშიც: ქუთაისის ბულვარში – 13 სექტემბერს, ფოთის ცემტრალურ პარკში – 15 სექტემბერს. ღონისძიება 17 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე დაიხურება.