ართანას ტყეში ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს
როგორც knews.ge–ს კახეთის გუბერნატორმა განუცხადა, ერთი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი რეგლამენტით გათვალისწინებულ ტექნიკურ შემოწმებას გადის.
მისივე განცხადებით, ტყეში დაკვამლიანება გაიზარდა, თუმცა ცეცხლის ახალი კერები არ წარმოქმნილა.
ჯერჯერობით უცნობია როდის გაანახლებს ავიაცია მუშაობას. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 500-მდე მეხანძრე-მაშველი აგრძელებს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს.
თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყის მასივში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში კი ხანძარი უკვე ჩააქრეს. სოფელ ართანას, ხახაბოსა და შილდის ტყეებში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა სამივე ადგილას, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ტყეებში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით კახეთში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობს. არსებული მონაცემებით, სტიქიის შედეგად, კახეთში, 100 ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა.