ახალი ამბები

თელავის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მერობის კანდიდატს სასამართლოში უჩივლა

კალმახელიძემ ვარდოშვილის წინააღმდეგ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რომელშიც კანდიდატის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვს. საოლქო საარჩევნო კონისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, დოკუმენტი ვარდოშვილს ოლქის შენობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თანდასწრებით გააცნეს. 
,,აღნიშნული პირი შემოიჭრა საოლქო კომისიაში ისე, რომ არ ჰქონდა კონკრეტული ნებართვა და არ ყოფილა არანაირი შეთანხმება. იმ დროს ოლქის წევრები და იურისტი იყვნენ თათბირის რეჟიმში, ეს კი გულისხმობს საოლქო–საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელშეშლას, წესრიგის დარღვევას. აღნიშნულის ირგვლივ ჩვენ საქმის წარმოება დავიწყეთ’’,– განაცხადა გიორგი კალმახელიძემ. 
,,ლეიბორისტული პარტიის“ თელავის მერობის კანდიდატი საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატად დარეგისტრირების პროცესში ხელშეშლაში ადანაშაულებს. ვარდოშვილის თქმით, კალმახელიძე მას სათანადო კონსულტაციას არ უწევს, რომლის მიზეზიც პირადი დაპირისპირებაა. 
,,რამდენჯერმე მივედი საოლქო კომისიაში, მაინტერესებდა გარკვეული საკითხები, იმისთვის რომ კანდიდატად რეგისტრაცია გამევლო, მაგრამ ის კონსულტაციას არ მიწევს რადგან პირადი დაპირისპირება აქვს ჩემთან. ახლა კიდევ იჩივლა, შეადგინა სამართალდარღვევათა ოქმი, გადაგზავნა სასამართლოში და ითხოვს ჩემს დაჯარიმებას 500 ლარით. ოლიგარქის მილიონებს ფული დააკლდა და უნდა შეავსოს. საჩივლელი არაფერი იყო. მე რომ მივედი ოლქში ჟურნალისტებთან ერთად ყველამ ნახა მაშინდელი გადაღებული ვიდეო კადრები რომ შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და მან პოლიცია გამოიძახა’’,– განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ვარდოშვილი ოლქის თავმჯდომარესგან კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციასა და მოთხოვნაზე ოფიციალურ პასუხს ითხოვდა. იგი კალმახელიძესთან საკუთარ მხარდამჭერებთან და ჯურნალისტებთან ერთად მივიდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კი კანდიდატისა და მისი მხარდამჭერების შენობიდან გასაძევებლად პოლიცია გამოიძახა.