თელავში რეგიონული ჰაბი გაიხსნება
რეგიონული ჰაბის შესარჩევად კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში მიმდინარეობდა, რომლის შედეგები უკვე ცნობილია.
“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.
ეფექტიანი და მდგრადი შედეგების მისაღწევად, ასევე რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, საქართველოს ათ რეგიონში 10 რეგიონული „ჰაბი” შეიქმნება.
თითოეულ რეგიონში ამ ფუნქციას ერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია განახორციელებს, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს ადგილობრივ რეგიონულ ჰაბ-ს. რეგიონული „ჰაბ”-ები იმოქმედებს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
თელავში რეგიონულ „ჰაბს“ კოორდინაციას გაუწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთი“ (MCK).
,,ჰაბი იქნება ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი რეგიონში. რეგიონალური ,,ჰაბების“ ინსტიტუციონალურ და ტრენინგებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს კონსორციუმი. ვისწრაფით დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებისათვის და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის; მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა აქტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას; ვეხმარებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა უფრო ეფექტურად უზრუნველყონ ფართო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეების საჭიროებებზე რეაგირება და ამით გაზარდონ მათდამი ნდობა საზოგადოებაში”, – აღნიშნავს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ წარმომადგენელი ლია კილაძე.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით.
„მედია ცენტრი კახეთი“ (MCK) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 15 წელია მუშაობს კახეთის რეგიონში, რათა ხელი შეუწყოს უფრო ინფორმირებული და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და სამოქალაქო კულტურის გაძლიერებას.
ორგანიზაციის მხარს უჭერს ადგილობრი საზოგადოების, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებთა სამოქალაქო აქტივობას და ჩართულობას, მათ შორის, სოციალურად დაუცველი, მარგინალიზებული ჯგუფების ხელშეწყობას ფუნდამენტური პრინციპების მეშვეობით, რაც აძლიერებს სამოქალაქო განათლებასა და ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობებს.
„მედია ცენტრი კახეთი“ (MCK) სხვადასხვა თემატურ პროექტებს ახორციელებს თავის მედია პარტნიორთან – „კახეთის ხმასთან“, აგრეთვე „მედია კაფესთან“ ერთად და თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. დაფუძნებულია 2002 წლის 3 სექტემბერს ქალაქ გურჯაანში. 5 წელია ორგანიზაციის ფაქტობრივი ოფისი მდებარეობს თელავში, თუმცა ცენტრი ახორციელებს პროექტებს რეგიონის მასშტაბით.