ბაკურციხეში წარმოებული ჭაჭა იტალიაში გაიყიდება
,,ჩვენი ღვინოს“ ერთ–ერთი მფლობელი, სოლომონ ცაიშვილი ამბობს, რომ მას ბუნებრივი და ხარისხიანი ჭაჭის წარმოების სურვილი წლების წინ ჰქონდა, ალკოჰოლური სასმელის ამ სახეობის დამზადება გასულ წელს მეგობრების დახმარებით დაიწყო და პროდუქტმა სულ მალე მომხმარებლის დაინტერესება გამოიწვია.
სოლომონ ცაიშვილი აღნიშნავს, რომ წარაფის მიკროზონაში მოყვანილი რქაწითელისა და საფერავის ჭაჭა განსაკუთრებულად საინტერესო ალკოჰოლიან სასმელს იძლევა. იგი ირწმუნება, რომ მათ მიერ წარმოებული ჭაჭა ხარისხიანია და სხვებისგან გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
,,სულ მაინტერესებდა კარგი, ბუნებრივი ჭაჭის გამოხდა. გარდა ამისა, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი მის უდიდეს პოტენციალში. ეს მსოფლიო მნიშვნელობის სპირტიანი სასმელია, ოღონდ არა სტანდარტიზირებული და მაღალ ტექნოლოგიურ სახდელებში ნაწარმოები, არამედ მარტივ სახდელში გამოხდილი. სულ მალე პირველი ექსპორტი იქნება იტალიაში. საქართველოს ბაზარზეც ახლა ვიწყებთ დამკვიდრებას. რაოდენობა და ფასი კომერციული საიდუმლოებაა. ისე გეტყვით, რომ საკმაოდ მაღალფასიან სეგმენტში შევეცდებით დამკვიდრებას’’,– განუცხადა knews.ge-ს სოლომონ ცაიშვილმა.
მეღვინე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზრდება, წარმოებას გააფართოებენ. მისივე ინფორმაციით, მათი პროდუქცია ქართული ტრადიციული მეთოდით მზადდება და ნატურალური, რის გამოც ჭაჭაზე მოთხვნა საკმაოდ დიდია.
,,რაოდენობის გაზრდას მცირედით ვაპირებთ, თუ გაყიდვები კარგად წავა. მოგეხსენებათ, ჭაჭა არაყი არ არის და, ასევე, ბევრი რამით განსხვავდება კონიკისაგანაც, თუმცა კონიაკს ჰგავს იმით, რომ ჭაჭასაც ძალიან უხდება დაძველება. შეიძლება გამოხადო მაღალგრადუსიანი სპირტი, რომელიც ბევრს აღაფრთოვანებს და კარგადაც გაიყიდება, დაძველებით კი სასმელი არის რბილი და მიმდინარეობს არომატების გაშლა და სხვა. თუ გამოხდისას სასმელს სასიამოვნო სუნი არ აქვს, ე.ი. ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჭაჭას მაინცდამაინც მძიმე და უსიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს, რაც არასწორია. როდესაც დანადგარიდან ჩამომავალი ჭაჭა დაკლებას იწყებს, იმ მომენტში უნდა “დაიჭირო“ ყველაზე კარგი ჭაჭა. ამ ალკოჰოლური სასმელის გამოხდის პროცესში ყურძნის კლერტი და წიპწა თითქმის არ მონაწილეობს. რადგან წიპწა ჭურჭლის ძირზე ილექება, კლერტი კი ამ დროს, ჭაჭის გამოსახდელ მასალას წესით უკვე მოშორებული უნდა ჰქონდეს’’, – განუცხადა knews.ge-ს სოლომონ ცაიშვილმა.
,,ჩვენი ღვინოს“ ბრენდის ქვეშ, ასევე, რამდენიმე წელია, ღვინოს ქვევრებში, ბაკურციხესა და კარდენახში გაშენებული ვენახებიდან მოწეული ყურძნით აყენებენ. სოლომონ ცაიშვილი მარანში დაყენებული ღვინოებიდან გამოარჩევს “წარაფს”, რომელიც ძირითადად ექსპორტზე ევროპაში გადის. კომპანია, ასევე, აწარმოებს 5-დან 7 ათას ბოთლამდე სხვადასხვა სახეობის ღვინოს, რომელიც აშშ–ში, კანადაში, იტალიაში, ესპანეთში, დანიაში, იაპონიასა და ავსტრალიაში უკვე იყიდება.
,,საქართველოში ჯერ კიდევ არის ნიჰილისტური დამოკიდებულება, რომ ქვევრი არაჰიგიენური ჭურჭელია. სახელმწიფო სახსრები არამიზნობრივად იხარჯება და არაფერი კეთდება იმ მცირე მარნების წასახალისებლად, რომლებიც თავიანთი ძალებით ცდილობენ ქვევრის დამკვიდრებას მეღვინეობაში. საკუთარი გამოცდილება მარწმუნებს, რომ ქვევრის ღვინის ექსპორტს აქვს დიდი პერსპექტივა“, – ამბობს სოლომონ ცაიშვილი.