სტატიები

იშვიათი ვაზის ჯიშების ღვინო სოფელ კაჭრეთიდან

ვაჟა გეთიაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საოჯახო მარანი აღადგინა და ბოთლის ღვინოც ჩამოასხა.

,,მარანში ჩვენმა წინაპრებმა ჯერ ქვევრები ჩაყარეს და შემდე სახლი ააშენეს. მამა მეღვინეა და პაპაც, მთელი ცხოვრება ღვინის ქარხანაში მუშაობდა. გარკვეული პერიოდი ღვინოს არ ვაწარმოებდით, მაგრამ ისევ დავიწყეთ ეს ბიზნესი”, – განუცხადა knews.ge-ს მეწარმემ.

მისივე განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია რაც ნატურალურ მეღვინეობას მიყვეს ხელი. 

,,მარანს იერ–სახე დავუბრუნეთ და საოჯახო ღვინის ტრადიცია აღვადგინეთ. გავაშენეთ ახალი ვენახიც – რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი. ახალი ვენახის გაშენებას, ჯერჯერობით აღარ ვაპირებთ. პერსპექტივაში კვლავ ვაზის იშვიათ ჯიშებზე გავაკეთებთ არჩევანს. ჩვენს მარანში ვაწარმოებთ თეთრ ბიოღვინოს სახელწოდებით „განსხვავებული“ რქაწითელისა და მწვანის კუპაჟით, კახური ტექნოლოგიით, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე. ჭაჭიდან ვხსნით ადრე გაზაფხულზე”, – ამბობს მეღვინე.

მეწარმემ ბოთლის ღვინო 2011 წელს ჩამოასხა. ამ ეტაპზე მეღვინე საკუთარი პროდუქტისთვის უცხოური ბაზრების მოძიებას გეგმავს.

,,უცხოეთში ჩვენი მარნის ღვინო მიაქვთ მხოლოდ კერძო კლიენტებს პირადი მოხმარებისთვის, თუმცა, უცხოეთის ბაზარზე გატანა ჩვენთვის პრიორიტეტულია. გვინდა, რომ ევროპას სახელობითი ნატურალური ღვინოების კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევთავაზოთ. საქართველოში ხარისხიანი ღვინის მომხმარებელი იზრდება. თავის ადგილს იკავებს ნატურალური ღვინოც. ყოველ ახალი ნატურალური საოჯახო მარანი სახელმწიფოსთვის უნდა იყოს აღმოჩენა, ის უნდა აქციოს ბრენდად და შესთავაზოს ევროპას. ვფიქრობთ, საჭიროა შემუშავდეს ნატურალური მეღვინეობის განვითარებისა და მარკეტინგის სახელმწიფო პროგრამა”, – ამბობს მეღვინე.

მისივე განცხადებით, საოჯახო მარნების განვითარების მიმართულება უმნიშვნელოვანესია.

,,ამ მიმართულების სწორ განვითარებას აუცილებლად ექნება ეფექტი ეროვნულ ეკონომიკაზეც”, – აცხადებს გეთიაშვილი. 

მისივე მოსაზრებით, სტრატეგიული სექტორის მხარდაჭერა, გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მისი თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ განხორციელება ქვეყნისთვის კიდევ უფრო მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს.