სტატიები

კახეთის ფერმებში მძიმე დაავადებებს ტესტის საშუალებით გამოავლენენ

აღნიშნული მეთოდით ფერმერებს დაავადებების გამოვლენა ადგილზე 15 წუთში შეეძლებათ. 
ვეტერინარი, კომპანია ,,როქის“ დირექტორი დავით ბოსტაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ინოვაციური მეთოდის დანერგვა მნიშვნელოვანია და ის ადამიანებისა და ცხოველების სხვადასხვა დაავადებისგან დაინფიცირების საფრთხეს მაქსიმალურად შეამცირებს. 
,,ეს არის ტესტირება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იდენტიფიკაცია როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებების. პროექტის ,,MOLI კახეთში’’ მხარდაჭერით ჩვენ ვეტერინარებს გადავეცით სანიმუშო ტესტები, რომლებსაც უკვე ისინი დანერგავენ თავიანთ მუნიციპალიტეტებში. ეს დაავადებებთან საბრძოლველად წინ გადადგმული ნაბიჯია და მისი მიზანია ისეთი დაავადებების დროული იდენტიფიკაცია, რომელიც როგორც ცხოველისთვისაც ასევე ადამიანისთვის არის საშიში. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ დაინფიცირებული ცხოველი დროულად აღმოჩნდეს და განხორლიციელდეს მისი ლიკვიდაცია, რათა დაავადებები არ გავრცელდეს და ადამიანები არ დაინფიცირდნენ. ტესტი არის ერთჯერადი და მხოლოდ ერთი ცხოველის გასასინჯად გამოიყენება. ნებისმიერ ფერმერს შეუძლია თავისი სურვილით იყიდოს ტესტები, რომლის რეალიზაციას კომპანია ,,როქი“ ახდენს,’’– განუცხადა knews.ge-ს დავით ბოსტაშვილმა.
ექსპერტები მიუთითებენ, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენებით დაავადებების: ბრუცელოზის, თურქულის და ტუბერკულოზის გამოვლენა შესაძლებელია მინიმალურ დროში, რაც ფერმერს და ვეტერინარს საქმეს უადვილებს და სავალალო შედეგებისგან იცავს.
,,ეს თუ პრაქტიკაში დაინერგა, ძალიან კარგი იქნება. დაახლოებით 10–15 წუთი ჭირდება დაავადების აღმოჩენას, რითაც შეგვიძლია შევაფასოთ ფერმის მდგომარეობა და სამომავლო შედეგები წინასწარ გავიგოთ. ჩვეულებრივ ამ დაავადებების გამოვლენას ადრე 15 დღე სჭირდებოდა. ფაქტობრივად ეს არის აფთიაქებში ადგილზე მცირე ლაბორატორია, რომელსაც შეეძლება მაღალი სიზუსტის ტესტირების საშუალებით ნებისმიერი დაავადების პროგნოზირება. ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, რომ გაავრცელონ ინფორმაცია ამ სიახლის შესახებ და თუ მუშაობისას გამოვლინდება რაიმე სახის დაავადება, აცნობონ სათანადო სამსახურებს. ერთობლივად დაავადებების აღმოჩენა და მის წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი იქნება’’, – განუცხადა knews.ge-ს ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ მთავარმა ვეტერინარულმა კონსულტანტმა მიხეილ ჭიჭაღუამ. 
,,ექიმ–ვეტერინარი ვარ და პრაქტიკულ საქმიანობას ვეწევი, ეს ტესტები ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი მიმართულებით დაგვეხმარება. ამით საშუალება გვეძლევა ყოველგვარი დამატებითი დროის დაკარგვის გარეშე, ადგილზე აღმოვაჩინოთ დაავადება, ეს ძალიან კომფორტულია ფერმერებისთვის. რაც უფრო სწრაფად ხდება დაავადების აღმოჩენა, მით უფრო სწრაფია რეაგირებაც. კარგია, რომ ეს ტესტები კახეთის რეგიონის მასშტაბით სხვა ვეტაფთიაქებსაც გადაეცათ. ვფიქრობ ეს ხელს შეუწყობს სხვა კომპანიების და აფთიაქების წარმომადგენლების ინფორმირებას ამ საკითხზე, რაც მთლიანობაში დადებით შედეგს მოიტანს,’’– განაცხადა ვეტერინარმა მანანა გიუნაშვილმა.
დაავადებების დიაგნოსტირებისთვის სანიმუშო ტესტები 10–მდე ვეტერინარმა და ვეტაფთიაქმა პროექტის ,,MOLI კახეთში’’ მხარდაჭერით მიიღეს.