სტატიები

რეგიონებში ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდა

ამ დრომდე მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდებიან რეგიონებში ე.წ. დერეგულირებული აბონენტები. მათთვის აქამდე, ენერგეტიკის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე, ბუნებრივი აირის საფასურს მიმწოდებელი კომპანია ადგენდა.

,,დადგინდა 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფები. ახალადდადგენილი ტარიფებით რეგულირებულ მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განსხვავებულად გაეზარდა. რაც შეეხება დერეგულირებულ მოსახლეობას, მათთვის, ძირითადად, ტარიფი განსაზღვრული იყო 55 თეთრის დონეზე დღგ-ს ჩათვლით 1 კუბურ მეტრზე, ბოლო რეალობით ზოგან ტარიფი 63 თეთრს აღწევდა. ახალი გადაწყვეტილების დადებითი მხარეა ის, რომ რეგულირებაში მოქცეული აბონენტებისთვის ერთიანი ტარიფი დადგინდა და გათანაბრდა. თუ ენერგეტიკის სამინისტრო გააუქმებს დერეგულირების დადგენილებას, ტარიფი იქნება ერთიანი”, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, კომპანიის მიზანი სამომხმარებლო სექტორში დარეგულირების მექანიზმის გაუქმებაა.

,,საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ერთნაირი განაკვეთის წესი იმოქმედებს და ერთიანი ტარიფი იქნება ერთი მთლიანი რეგულირებული სექტორი”, – განუცხადა knews.ge-ს შონიამ. 

მოსახლეობა შიშობს, რომ მათი უმრავლესობა, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში ბუნებრივ აირზე გაზრდილ ტარიფს ვერ გადაიხდის.

,,რატომ არ ფიქრობენ ხალხი როგორ გადაიხდის. როგორ შეიძლება ამდენი გადასახადების გასტუმრება მაშინ, როდესაც უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონია? ზამთარში როგორც მე, ისე სხვებს გამათბობელი ბუნებრივ აირზე გვაქვს. გაზრდილი ტარიფების ფონზე შევძლებთ გადახდას?”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას გურჯაანში მცხოვრები დოდო თევდორაძე.