კახეთში რთველი აღარ დაფინანსდება
მთავრობა ჯერ კიდევ 2014 წლიდან ვარაუდობდა, ყურძნის სუბსიდირების გაუქმებაზე, თუმცა პრიორიტეტულად დასახელებული დარგისთვის უსასყიდლო დახმარება კვლავ გახდა საჭირო. წელს, რთველი 2017–ის ფარგლებში, საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება აღარ მოხდება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოსვლას 2016 წელსაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ ამ პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
,,წელს ყურძნის სუბსიდირება არ გვექნება ცალსახად საფერავში. მოლოდინი ისეთია, რომ სუბსიდირება არ გვექნება არც თეთრ ყურძენზე. ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში დავიწყეთ გარკვეული ინსტრუმენტების შექმნა, რომ ბრენდის ინდუსტრიამ სპირტის გამოსაყოფი რქაწითელი დააფინანსოს. გვექნება კომპენსაცია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აწარმოებენ ბრენდს და ყურძნის კონცენტრირებულ ტკბილს, ისინი მიღებენ კომპენსაციას სახელმწიფოს მხრიდან 35 თეთრს, რომ მათი საფასო პოლიტიკა იყოს კონკურენტუნარიანი და ჰქონდეთ მეტი მოტივაცია პროცესში ჩასართავად. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საბრენდე სპირტის წარმოებას, რომელიც შემავსებელი ინდუსტრიაა ღვინის სექტორთან ერთად”, – აცხადებს მინისტრი.
კახელი მევენახეები ყურძნის სუბსიდირების გაუქმებას ეხმაურებიან. ისინი განმარტავენ, რომ თუ ყურძნის სუბსიდირების პროგრამა აღარ იმუშავებს და არც ბაზრები არ იქნება მოძიებული, პროდუქტი დალპება და დარგს განვითარება არ უწერია.
,,ამბობენ, ყურძენზე სუბსიდირება არ იქნებაო და ვინმე გამოვიდეს და თქვას მიზეზი, რატომ? სად წავიღოთ ყურძენი, რომელ ბაზრებზე გავყიდოთ, როგორ მოვახდინოთ რეალიზაცია? ვცდილობთ, ვშრომობთ, ვალებს ვიღებთ რომ ყურძნის მოსაყვანათ ყველა პროცედურები ჩავატაროთ ვენახში და რისთვის? მაშინ მოიძიონ ბაზრები სადაც შევძლებთ პროდუქტის გაყიდვას. იმ შემთხვევაში უნდა გააუქმონ, როდესაც გლეხი წელშ გაიმართება, ჩვენ შრომა არ გვეზარება, გაგვიხსნან ბაზრები“, – აცხადებს Knews.ge-სთან ნოდარ ქავთარაძე.
ყურძნის სუბსიდირებას თავიდანვე აკრიტიკებდა ექსპერტთა ნაწილი. დარგის სპეციალისტების ნაწილს მიაჩნდა, რომ ღვინის დაყენებით და შემდეგ მისი რეალიზაციით მეღვინე უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს მიიღებს. მათივე შეფასებით, რაც ყურძენი სუბსიდირებას დაექვემდებარა, მევენახე სახელმწიფოზე დამოკიდებული გახდა.
,,სუბსიდირებას არ მოჰყოლია არანაირი დადებითი შედეგი. მევენახეობაში სუბსიდირების და სახელმწიფოს მიერ ღვინის წარმოების მოდელის დანერგვამ განაპირობა მევენახის დამოკიდებულება სახელმწიფოზე და სახელმწიფო ღვინის კომპანიაზე, რითაც მან მევენახეში ჩაკლა ღვინის წარმოების სურვილი, ხოლო კერძო ღვინის კომპანიას კი კონკურენტად გაუხდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახა დარგზე და დღევანდელი კრიზისი სწორედ ამ სისტემის შედეგია. ყურძნის ფასი მისი ხარისხის მიხედვით უნდა დადგინდეს. ფასის დადგენა კი მყიდველსა და გამყიდველის შეთანხმებაზეა დამოკიდებული”, – განმარტავენ სპეციალისტები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი სამანიშვილის შეფასებით, მეღვინეობის მიმართულებით სუბსიდიის გაცემის განსხვავებულ წესს მეტი შესწავლა და დამუშავება სჭირდება.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი მევენახეები გაძლიერდებიან და დაიწყებენ ღვინის ჩამოსხმას. მსოფლიოში მიღებული წესია, რომ ხარისხიანი ყურძენი არ იყიდება, როგორც ეს კახეთში ხდება. ეს პოსტსაბჭოთა სივრცისათვის დამახასითებელი ფაქტორია. მევენახეობის მხრივ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ხარისხიან ყურძენს აწარმოებენ, ამ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა. ისინი კი არ ყიდიან ყურძენს, პირიქით ცდილობენ, რომ თავად დააყენონ ღვინო და გაყიდონ. ხარისხიანი ღვინო კარგად იყიდება“, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სამანიშვილმა.
მისივე განმარტებით, მთავრობამ მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო. უწყების გადაწყვეტილებით, პროგრამაში “მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა” მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ, სარგებელი მიიღონ არამხოლოდ ყურძნის, არამედ ღვინის რეალიზაციიდანაც.
კახეთში 22.227 ჰექტარი ვენახია გაშენებული. 2013-2014 წლებში 5 000 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. საქსტატის ინფორმაციით, ყურძნის ყველაზე მაღალი მოსავალი 2007 და 2014 წელს დაფიქსირდა. 2007-2015 წლებში ყურძნის მთლიან მოსავალში კახეთის წილი 51-71% შორის მერყეობდა.
ყურძნის სუბსიდირების ქრონიკა
2016 წელს ყველა მევენახემ 1 კგ ჩაბარებულ რქაწითელსა და მწვანეზე ბიუჯეტიდან 45 თეთრი, 1 კგ საფერავზე კი 20 თეთრის სუბსიდია მიიღო. ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს 65 ათასი ტონა რქაწითელის და 42 ათასი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ჩაბარდა. ჯამში ყურძენში გადახდილმა თანხამ 100 მილიონი ლარი შეადგინა.
2015 წლის რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 35 თეთრი, ხოლო 1 კგ. საფერავზე – 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცა.
2014 წელს კახეთში ღვინის კომპანიები საფერავის ჯიშის ყურძენს 1.30 ლარად იბარებდნენ, რქაწითელს 1 ლარად. 1 კილოგრამი ხარისხიანი საფერავის ფასი 2-დან 2.50 ლარამდე მერყეობდა, მიკროზონაში მოყვანილ ყურძენში 3 ლარსაც იხდიდნენ.
2013 წელს 1 კგ საფერავის საშუალო შეწონილი ფასი (სუბსიდირების გარეშე) 0.98 ლარი იყო, ხოლო რქაწითელის ფასმა 0.73 ლარი შეადგინა.
2012 წელს ღვინის ქარხნებმა რქაწითელის ჯიშის ყურძენი 75 თეთრად, საფერავი კი – 65 თეთრად ჩაიბარეს. სახელმწიფომ კი ერთი კილოგრამი საფერავისა და რქაწითელის ფასი ერთ ლარამდე შეავსო. სუბსიდიის სახით ერთ კილოგრამ რქაწითელზე 25 თეთრი იყო გამოყოფილი, საფერავის ჯიშის ყურძენზე კი 35 თეთრი.
2011 წელს ღვინის კომპანიებმა რქაწითელის ღირებულება განსაზღვრეს 45 თეთრად, რასაც სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 25 თეთრი დაამატა, ჯამში 70 თეთრი. ქარხნები საფერავში 65 თეთრს იხდიდნენ, სუბსიდიის სახით 25 თეთრი იყო დამატებული და ჯამში 90 თეთრი გამოდიოდა.
2010 წელს კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძენის ღირებულება იყო 40 თეთრი და სახელმწიფო სუბსიდიის სახით დამატებით 25 თეთრი გაიცემოდა. რქაწითელში 30 თეთრს ღვინის ქარხანა იხდიდა, 15 თეთრი სუბსიდიიდან ემატებოდა.
2009 წელს ”2009 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე” 5 704 000 ლარი გამოიყო.
2008 წელს მთავრობამ რთველისთვის 8 მილიონი ლარი გამოიყო.
2007 წელს, როდესაც რთველის სუბსიდირება პირველად განხორციელდა, მევენახეები კილოგრამ საფერავზე 25 თეთრს იღებდნენ, რქაწითელაზე კი – 15 თეთრს. რქაწითელის ფასი სუბსიდიის ჩათვლით 60 თეთრით, ხოლო საფერავის ღირებულება კი 70 თეთრით განისაზღვრა.
სპეციალური სამთავრობო განკარგულების თანახმად, 2017 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების წარმომადგენლების შემადგენლობით.
ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, შენარჩუნდება იაფი აგროკრედიტი ყურძნის შესყიდვის მიზნობრიობით. კერძოდ, 15-თვიანი იაფი აგროკრედიტი ყურძნის შესყიდვის მიზნობრიობით კახეთში; 36-თვიანი იაფი აგროკრედიტი რქაწითელის და კახური მწვანის შესყიდვის მიზნობრიობით სპირტად გამოხდის შემთხვევაში.